
- რა არის ხშირად გავრცელებული ალერგიული პათოლოგიები? - რა უწყობს ხელს ალერგიული რეაქციების განვითარებას და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? - ამ თემებზე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ალერგოლოგი, დიანა ნარსია გვესაუბრა.
- რა უწყობს ხელს ალერგიული რეაქციების განვითარებას და რომელი ალერგიული პათოლოგიები გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვებში?
- ორგანიზმში ალერგიული რეაქცია ვითარდება ალერგენთან კონტაქტის დროს. ალერგენი შეიძლება იყოს საკვები პროდუქტები, კონსერვანტები, მცენარეული მტვერი, ცხოველების ბეწვი, წამლები, მწერის ნაკბენი, ლატექსი და სხვა. რიგ ალერგიულ დაავადებებს ამწვავებს ვირუსული ინფექციები, ცივი ჰაერი, დაბინძურებული ჰაერი, თამბაქოს კვამლი და ა.შ
ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად გვხვდება:
- კვებითი ალერგიები;
- ატოპიური დერმატიტი;
- ალერგიული რინიტი;
- ხველა.
- რა უნდა იცოდეს და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა?
- აუცილებელია, მშობელი სწორად იყოს ინფორმირებული, როგორ, როდის და რა დოზით შეიტანოს ახალი საკვები პროდუქტი ჩვილი ასაკის ბავშვის კვების რაციონში (ერთ ჯერზე ვასინჯებთ მხოლოდ ერთ საკვებ პროდუქტს და ულუფას ვზრდით ეტაპობრივად). ალერგიის გამოვლენის შემთხვევაში გარკვეული პერიოდის მანძილზე უნდა მოხდეს კონკრეტული პროდუქტის ელიმინაცია. ასევე სასურველია, გამოვიყენოთ ჰიპოალერგიული თავის მოვლის საშუალებები. მსუბუქი ალერგიული ჩივილების შემთხვევაში საჭიროა გეგმიური ვიზიტი ექიმთან. საშიში ჩივილების არსებობის დროს აუცილებელია დროული მიმართვა გადაუდებელ განყოფილებაში. ალერგიისას საშიშროების ნიშნებია:
- სუნთქვის გაძნელება;
- ხმის ტემბრის ცვლილება;
- ყლაპვის გაძნელება;
- შეშუპება;
- შეტევითი ხასიათის ხველა და ა.შ
- ახასიათებს თუ არა ალერგიას სეზონურობა?
- რამდენიმე ალერგიულ დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, რაც მეტწილად კავშირშია სხვადასხვა მცენარის ყვავილობის პერიოდთან (ვითარდება ყვავილის მტვრის მიმართ ალერგიულ პირებში). სეზონური ალერგიის სახეობაა პოლინოზი (ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი). დაავადების პირველი პიკი ადრეულ გაზაფხულზეა, მეორე კი - აგვისტოს მეორე ნახევრიდან აღინიშნება, როცა ყვავილობას მაღალ ალერგენული მცენარეები იწყებენ (მაგ., ამბროზია, ავშანი).
- რა შეიძლება გავაკეთოთ ალერგიული პათოლოგიების პრევენციისთვის?
- ალერგენთან კონტაქტისგან თავის არიდება მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, ვისაც ერთხელ უკვე გადატანილი აქვს მძიმე ალერგიული რეაქცია. პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძუძუთი კვებასა და ჯანსაღ გარემო პირობებს. პოლინოზის შემთხვევაში რეკომენდებულია კონკრეტული მცენარის ყვავილობის დაწყებამდე პაციენტმა მიმართოს ექიმს, რათა დროულად (ჩივილების გამოვლენამდე) დაიწყოს მკურნალობა. საყოფაცხოვრებო მტვერზე ალერგიისას რეკომენდებულია ოთახის სველი წესით დალაგება, რბილი სათამაშოებისა და ხალიჩის მოშორება, ჰიპოალერგიული საბნისა და ბალიშის გამოყენება და ა.შ
- რას სთავაზობს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ალერგოლოგიის სამსახური პაციენტებს?
- ალერგოლოგიის სამსახური პაციენტებს სთავაზობს ალერგოლოგის კონსულტაციასა და შემდგომ ინდივიდუალური (დიაგნოზთან მორგებული) მკურნალობის სქემისა და სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა ის ძირითადი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა, რაც საჭიროა დიაგნოზის დასასმელად:
- კანის სინჯები;
- სპირომეტრია;
- სპეციფიკური IgE-ს განსაზღვრა როგორც კვებითი, ასევე ინჰალაციური ალერგენების განსასაზღვრად, რისი საშუალებითაც ხდება ე.წ „დამნაშავე“ ალერგენის გამოვლენა.