27 მაისი, 2021

ადრეული და სწორი დიაგნოსტიკის მნიშვნელობა ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში - დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში

ადრეული და სწორი დიაგნოსტიკის მნიშვნელობა ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში - დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში

ნებისმიერი  დაავადების პრევენციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას, განსაკუთრებით კი ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში. რეგულარული გამოკვლევა საშუალებას იძლევა ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს  დაავადება და დროულად დაიგეგმოს შესაბამისი მკურნალობის პროცესი, რაც დადებითი შედეგის მიღების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს სთავაზობს. ცენტრის ძირითადი უპირატესობა მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები, ულტრათანამედროვე აპარატურა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალია. ცენტრში ონკოლოგიური პაციენტების მართვა, დიაგნოსტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ინდივიდუალური მიდგომით, ქართველი და საერთაშორისო პროფესიონალებით დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ხორციელდება. ონკოლოგიის ცენტრში პაციენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უახლეს სამედიცინო პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე დაყრდნობილი მომსახურება.

ცენტრში ონკოლოგიური დიაგნოსტიკის ერთ-ერთ მიმართულებას ციტომორფოლოგია წარმოადგენს. აღნიშნული მეთოდი ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების უჯრედულ დონეზე შესწავლას გულისხმობს და მნიშვნელოვანია დაავადებების პირველადი დიაგნოსტიკის დროს. ციტომორფოლოგიური გამოკვლევებით დგინდება სიმსივნის ბუნება, ხარისხი და ფორმა. აღნიშნული მეთოდი არაინვაზიურია, ძალიან მცირე დროს საჭიროებს, არის უმტკივნეულო, ნაკლებ ტრავმული და არ იწვევს შემდგომ გართულებებს. არაპალპირებადი წარმონაქნების შემთხვევაში ცენტრში ასევე ხორციელდება  დამიზნებითი ბიოფსია.

 

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის მიზნით უფასო სკრინინგ პროგრამა ხორციელდება, რომლის ფარგლებში ხელმისაწვდომია შემდეგი დაავადებების სკრინინგი:

  • პროსტატის კიბოს სკრინინგი, 50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის;
  • საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის;
  • ძუძუს კიბოს  სკრინინგი, 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის;
  • სწორი ნაწლავის სკრინინგი, 50-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს უტარდებათ შემდეგი ტიპის კონსულტაციები და კვლევები:

 

  • მამოლოგის კონსულტაცია;
  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში (PSA);
  • საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევა (პაპ-ტესტი);
  • კოლპოსკოპიას ან/და კოლპოსკოპიური კვლევა;
  • მამოგრაფია;
  • ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ძუძუს ციტოლოგიურ გამოკვლევას;                    
  • ფარულ სისხლდენაზე ლაბორატორიული ტესტი (FOBT);
  • კოლონოსკოპიური სკრინინგი და/ან კოლონოსკოპიური სკრინინგი მორფოლოგიით.