29 აგვისტო, 2022

80 წლის მამაკაცის კიდევ ერთი შანსი სიცოცხლის გასაგრძელებლად

80 წლის მამაკაცის კიდევ ერთი შანსი სიცოცხლის გასაგრძელებლად

მანტი 80 წლის მამაკაცია მარტვილიდან. ოჯახის უხუცესი წევრი, რომელიც თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობდა და ამით ძალიან ამაყობდა კიდეც, ბოლო დროს უჩვეულო ჩივილებმა შეაწუხა. 

 

ოჯახის წევრებმა ის მეზობელ იმერეთში, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში წაიყვანეს. ექიმებს უამბეს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მას კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები, პირღებინება აღენიშნა და წონაში იკლო, ბოლოს კი სიმპტომებს სისხლდენაც დაემატა. სამედიცინო ისტორიის შედგენისას აღმოჩნდა, რომ 80 წლის ხანდაზმულს 40 წლის წინ კუჭის რეზექცია (ნაწილობრივი ამოკვეთა) ქართული ქირურგიის კორიფემ, ეგნატე ფიფიამ გაუკეთა, რის შემდეგაც თითქმის ნახევარი საუკუნე მანტი თავს შესანიშნავად გრძნობდა. ეგნატე ფიფია ნაცნობი და საყვარელი მენტორი აღმოჩნდა თავად მარტვილელი კაცის ექიმის, მერაბ ერემეიშვილისთვის, რომელიც ამჟამად ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. სწორედ მან დაგეგმა გამოკვლევები და დანიშნა გეგმიური ოპერაცია. 

 

ენდოსკოპიურმა კვლევებმა გამოავლინა სიმსივნე, რომელიც გადასასვლელს მთლიანად ახშობდა, იწვევდა გაუვალობასა და სისხლდენას. ორი ერთდროული პათოლოგიისა და პაციენტის ასაკის გათვალისწინებით არსებობდა მაღალი რისკები: საჭირო იყო როგორც კუჭის დაზიანებული უბნის, ასევე - სიმსივნის ამოკვეთა. 

 

ქირურგიული მანიპულაციისას შესამჩნევი გახდა ასევე ორი მეტასტაზური კვანძი ღვიძლის მარცხენა წილშიც. საბოლოოდ, რეკონსტრუქციულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და სრულად ამოიკვეთა სიმსივნური წარმონაქმნები და კუჭის დაზიანებული უბნები. 80 წლის პაციენტი ბინაზე რამდენიმე დღეში, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.