20 დეკემბერი, 2022

6-ჯერ გაჩერებული გული და პაციენტი, რომლის გადარჩენაც ექიმებმა შეძლეს

6-ჯერ გაჩერებული გული და პაციენტი, რომლის გადარჩენაც ექიმებმა შეძლეს

88 წლის ზურაბ ნუცუბიძე გვიან ღამით გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილის და სუნთქვის მწვავე უკმარისობის შეგრძნებამ გამოაღვიძა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი დაუყოვნებლივ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

პირველადი გამოკვლევების შედეგად დადგინდა დიაგნოზი -  ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. საუბარია მდგომარეობაზე, როდესაც გულის  მკვებავი ერთ-ერთი არტერიის დიამეტრი კრიტიკულად ვიწროვდება ან თრომბული მასებით იკეტება, რა დროსაც სისხლის მიწოდება წყდება გულის კუნთის იმ უბნისთვის, რომლის კვებაზეც კონკრეტული სისხლძარღვია პასუხისმგებელი. ამ დროს კი დროული ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ინტერვენციულმა კარდიოლოგმა, ბეგი დუნდუამ ოპერაცია გადაუდებელ რეჟიმში დაიწყო. საჭირო იყო ინფარქტდამოკიდებული თრომბებით დახურული კორონარული არტერიის გახსნა და კრიტიკული შევიწროების გაფართოება სტენტების საშუალებით.

ოპერაციის დროს 88 წლის პაციენტის გული 6-ჯერ გაჩერდა, თუმცა ექიმები არც ერთხელ დანებდნენ - ელექტროშოკური თერაპიისა და შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მათ დაზიანების აღმოფხვრა და გულის რითმის აღდგენა შეძლეს. დაზიანებულ სისხლძარღვში სამი წამლით დაფარული სტენტის იმპლანტაცია განხორციელდა და პაციენტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მონაცემები დასტაბილურდა.

კარდიოლოგიურ განყოფილებაში რამდენიმედღიანი ინტენსიური დაკვირვებისა და მკურნალობის შედეგად კი ზურაბ ნუცუბიძემ, ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით, კლინიკა საკუთარი ფეხით დატოვა.