
ქობულეთში მცხოვრები 53 წლის ქალი ქუთაისში სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და მოძრაობის შეზღუდვა იგრძნო.
პაციენტი დაუყოვნებლივ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც კარდიოინტერვენციონისტმა, ზურაბ ბერაძემ გამოხატული ჩივილების ფონზე სწრაფადვე დასვა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოზი. პაციენტის მდგომარეობას შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია ამძიმებდა.
მიოკარდიუმის ინფარქტი გულისხმობს გულის სამი მკვებავი არტერიიდან ერთ-ერთის ან სამივეს დაზიანებას, ანუ, სისხლძარღვის დიამეტრის კრიტიკულ შევიწროებას ან მთლიანად გადაკეტვას, რა დროსაც სისხლის მიწოდება უწყდება გულის იმ უბანს, რომლის კვებაზეც კონკრეტული სისხლძარღვია პასუხისმგებელი. შესაბამისად, გული სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს ან საერთოდ წყვეტს მუშაობას.
კორონაროგრაფიული კვლევის შედეგად გამოვლინდა ერთ-ერთი სისხლძარღვის კრიტიკული, 99%-იანი შევიწროება. შესაბამისად, გამოიკვეთა სტენტირების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა. დაკეტილი სისხლძარღვი გულის კუნთის დიდ ფართობს უწყვეტდა სისხლის მიწოდებას და შედეგად, პროცედურის დაწყებისას პაციენტს გული გაუჩერდა. ექიმების დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, 53 წლის ქალის გული 4-ჯერ გაჩერდა. ოთხივეჯერ ყველა პროცედურა თავიდან დაიწყეს, ინტუბაციისთვის პროცესში ჩაერთო რეანიმატოლოგიც, რადგან პაციენტს დამოუკიდებლად სუნთქვა აღარ შეეძლო და ხელოვნურ ჩარევას საჭიროებდა.
საბოლოოდ, ექიმებმა თითოეული დაზიანების აღმოფხვრა და გულის რითმის შენარჩუნება შეძლეს. პაციენტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მონაცემები დასტაბილურდა. ის მეორე დღესვე მოიხსნა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, რამდენიმედღიანი ინტენსიური დაკვირვებისა და მკურნალობის შედეგად კი კლინიკა საკუთარი ფეხით დატოვა.
განმეორებით კვლევებზე სამედიცინო შემოწმების შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პაციენტს არანაირი გართულება არ აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.