09 სექტემბერი, 2022

100 წლის შუშანა ბებოს გამოჯანმრთელების ისტორია

100 წლის შუშანა ბებოს გამოჯანმრთელების ისტორია

შუშანა ბებო, 100 წლის, აბაშიდან...

ეუბნებიან, რომ საუკუნოვანი ასაკი სრულიად არ ეტყობა,  თავად კი წუხს, რომ „ამ ბოლო დროს, ცოტათი მოტყდა“...

უყვარს ოჯახის წევრები, სულ უფრო ცვალებადი და საინტერესო სამყარო და სურს, ას წელს „მინიმუმ, ცოტათი მაინც გადააჭარბოს“...

შუშანა ბებო აბაშიდან ქუთაისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. უჩიოდა ძლიერ ტკივილებს ბარძაყის არეში. სრულად ჰქონდა შეზღუდული კიდურის მოძრაობაც. იმერეთში მოხვედრილმა ექიმებს სთხოვა, მისთვის კარგად მიეხედათ და, რა თქმა უნდა, ეს ასეც მოხდა. ქუთასისის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმებმა რენტგენოლოგიური გამოკვლევებით ბარძაყის ყელის მოტეხილობა დაადასტურეს. ჩატარდა ლაბორატორიული კვლევებიც. დიაგნოზის დასმისთანავე ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, შოთა ირემაძემ მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების ოპერაცია დაგეგმა მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ასაკი გარკვეულ რისკ-ფაქტორს წარმოადგენდა.

ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. შუშანა ტაბიძე დღეს თავს ჯანმრთელად გრძნობს და ცხოვრებით ტკბობას საკუთარ სახლში განაგრძობს. ბედნიერია, რომ რეაბილიტაციის პროცესში ოჯახის წევრები ეხმარებიან.