21 დეკემბერი, 2020

სამედიცინო პერსონალის დაფასების მასშტაბური კამპანია ევექსის ჰოსპიტლებისგან

გმირობის ყოველდღიური მაგალითები, გადარჩენილი შვილები და განკურნებული მშობლები... ისტორიები, რომლებიც კოვიდ-საავადმყოფოების კედლებს მიღმა რჩება, ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან და შემთხვევები, რომლებიც სასწაულის რწმენას გვიმტკიცებს — ეს ყველაფერი სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ახალი ვირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის წინაშე მდგარი მსოფლიო ჯანდაცვა Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, სამედიცინო პერსონალი კი ვირუსს 24-საათიან რეჟიმში ებრძვის.

სწორედ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სამედიცინო სფეროში მოღვაწე თითოეული ადამიანის შრომის დაფასებას ისახავს მიზნად ევექსის ჰოსპიტლების ახალი კამპანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მადლობა გადავუხადოთ მედპერსონალს გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის. #მიწერემადლობა ახალი მასშტაბური პროექტია, რომელიც მედპერსონალის გმირობის ყოველდღიური მაგალითების საზოგადოებამდე მიტანას და მათ შორის საკომუნიკაციო არხის შექმნას ემსახურება. ონლაინ-პლატფორმაზე წარმოდგენილია ყველა ის რთული შემთხვევა, რომლებიც, ამ ადამიანების დამსახურებით, ბედნიერად დასრულდა.

ვებ-გვერდზე — www.miceremadloba.ge ყოველდღურად შეხვდებით ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ იხსნეს ექიმებმა ადამიანების სიცოცხლე. იგი ასევე გაძლევთ საშუალებას, მადლობა გადაუხადოთ სამედიცინო პერსონალს: #მიწერემადლობა ონლაინ-რეჟიმში ან პირადი წერილის სახით.

შეგახსენებთ, რომ ევექსის ჰოსპიტლების ქსელი Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში პანდემიის პირველი ტალღიდან ჩაერთო, ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა მზადყოფნა და გამოყო საწოლფონდი დაინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. ამჟამად, კორპორაცია კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლას 13 კლინიკაში 1 100-ზე მეტი საწოლითა და 5 500 გადამზადებული სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალით განაგრძობს.

ექიმების განსაკუთრებული ქეისების საინტერესო კუთხით წარმოჩენაზე განსაკუთრებული მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიასა და მის სტუდენტებს, ასევე სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს.