26 ოქტომბერი, 2021

სამედიცინო ჟურნალმა European Neurology-მ საქართველოში მწვავე ინსულტის მკურნალობის დანერგვის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

ევროპულმა ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალმა, European Neurology-მ საქართველოში მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის დანერგვისა და განვითარების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობა საქართველოში 2013 წლიდან დაიწყო და გახდა პირველი სამედიცინო კომპანია ქვეყანაში, რომელმაც ინსულტის მართვის ერთეულები აამოქმედა.

იქიდან გამომდინარე, რომ იშემიური ინსულტი თავის ტვინის სისხლით მკვებავი სისხლძარღვის მწვავე დახშობით არის განპირობებული და ეს ნერვული უჯრედების გადაგვარებას იწვევს, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სხვადასხვა ფუნქციის დარღვევაა დამახასიათებელი. მათ შორისაა ხელ-ფეხის დამბლა და მეტყველების მოშლა. მკურნალობის უალტერნატივო შესაძლებლობას კი სწორედ თრომბის დაშლა წარმოადგენს სისტემური ლიზირებით ან კათეტერის გამოყენებით. მკურნალობის აღნიშნული მეთოდების დანერგვამ მსოფლიოში ინვალიდიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებელი მკვეთრად შეამცირა.

ინსულტის მართვის ერთეულები, პირველ ეტაპზე, ქუთაისსა და ზუგდიდში ამოქმედდა. ამჟამად იგეგმება მსგავსი ერთეულების შექმნა ქსელის სხვა ჰოსპიტლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ერთეულები ეტაპობრივად ამოქმედდა ქსელს გარეთაც.

მნიშვნელოვანია, რომ ქსელში სისტემურ ლიზირებასთან ერთად დაინერგა თრომბექტომიის, ანუ თრომბის კათეტერით დაშლის პროცედურა, რომელიც თბილისსა და ქუთაისში წარმატებით ხორციელდება. პარალელურ რეჟიმში ვითარდება მწვავე სისხლძარღვოვანი განყოფილებები, სადაც პაციენტების დროული, სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და კომპლექსური მკურნალობაა შესაძლებელი.

2013 წლიდან დღემდე განვლილ გზას იხსენებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ჯანელიძე, რომელიც ინსულტის მკურნალობის პროცესში ოჯახის ექიმების, სასწრაფო დახმარების პერსონალის, ნევროლოგებისა და რადიოლოგების გადამზადების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„ჩვენ რამდენიმე სიმულაციური ტრენინგი ჩავატარეთ. ევროპის ინსულტის ასოციაციის დახმარებით გადავამზადეთ ექთნებიც. ტრენინგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს რთული მოვლა სჭირდებათ, დაავადების მართვა კი დროზეა დამოკიდებული. სწრაფი მოქმედება თანაბრად მართებს ყველას: როგორც პაციენტის ოჯახს სიმპტომების დროული აღმოჩენის მხრივ, ასევე - თითოეული მიმართულების ექიმსა და ექთანს.

ჩვენს ქსელში კეთდება სისტემური თრომბოლიზისი, რომლის დროსაც წამლის ორგანიზმში შეყვანა ვენიდან ხდება. ამ მეთოდით მკურნალობა შესაძლებელია ინსულტის სიმპტომების აღმოცენებიდან პირველი 4.5 საათის განმავლობაში. ასევე, ხორციელდება თრომბექტომია, რომელიც ნაჩვენებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თრომბი იმდენად დიდია, რომ მისი დაშლა სისტემური თრომბოლიზისის მეშვეობით ვერ ხერხდება. ასეთ დროს თრომბექტომიის პროცედურის ჩატარება ინსულტის განვითარებიდან 6, ზოგჯერ - 8 საათის განმავლობაშიც კი არის დასაშვები,“ - ამბობს თამარ ჯანელიძე.

კლინიკური მიმართულებით ევექსი ჰოსპიტლების დირექტორის მოადგილის, მამუკა ჩხაიძის თქმით, ეს ყველაფერი ცხადყოფს ინსულტის მართვის ერთეულების არსებობის მნიშვნელობას და ქსელის მიზანს, განავითაროს სისხლძარღვოვანი მიმართულება ქვეყანაში.

„იშემიური ინსულტის თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის პროექტი სამ ძირითად მიზანს ემსახურება. მათგან პირველი მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც დადებითი გამოსავლის გარანტია. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია რეფერირების სისტემის დალაგება შიდა ქსელში და შემდგომ ჰოსპიტლების კლასიფიკაცია დონეების მიხედვით. სწორედ ამ პროექტის დანერგვაზე ვმუშაობთ ამ ეტაპზე, რათა იმერეთის რეგიონში რეფერირების სისტემის მოდელი ავაწყოთ. ვფიქრობ, დასავლური სამედიცინო ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული სტატიაც ცხადყოფს, რომ მიზანი საერთოა: საქართველოში ინსულტის მკურნალობის გაძლიერებას ერთად ვემსახურებით,“ - ამბობს მამუკა ჩხაიძე.

სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება ქართული ნევროლოგიის დიდი წარმატებაა. სტატიის პირველი ავტორი ევექსის ნევროლოგიური სამსახურის უფროსი, ქსელის ნევროლოგია-ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე, გერმანიის ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ქაცარავაა, რომელიც სტატიის შექმნაში წვლილის შეტანისთვის მადლობას უხდის ყველა თანაავტორს.

პროფესორ ზაზა ქაცარავას შეფასებით, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. მისივე თქმით, საერთო მიზანს საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში მწვავე სისხლძარღვოვანი განყოფილებებისა და საჭირო რაოდენობის ნეიროვასკულური ცენტრების არსებობა წარმოადგენს.