30 მაისი, 2022

ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ფსიქიატრიის ცენტრი ბავშვთა ჯანმრთელობის განახლებულ ცენტრში

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ფსიქიატრიის ცენტრირთული და იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვას გთავაზობთ.  ნევროლოგების, ეპილეფტოლოგებისა და ნეიროქირურგების გარდა, ცენტრი მულტიპროფილური მიდგომით აერთიანებს გენეტიკოსებს, პედიატრებსა და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტებს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:

  • ნევროლოგის კონსულტაციას;
  • ეპილეფტოლოგის კონსულტაციას;
  • ნეიროქირურგის კონსულტაციას;
  • ხანგრძლივ ვიდეო ეეგ (ელექტროენცეფალოგრამა) მონიტორინგს სტაციონარული და პორტატული სისტემებით;
  • ნეიროსონოგრაფიას.

ჰოსპიტალში მომსახურების მისაღებად ხორციელდება წინასწარი ჩაწერა ნომერზე 2-53-00-33.

ბავშვთა ასაკში ნევროლოგთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზები პაროქსიზმული მდგომარეობები და განვითარების პრობლემებია. მათ შორის, აღსანიშნავია: თავის ტკივილი, სხვადასხვა სახის გულყრა და უნებლიე მოძრაობები. პაროქსიზმული მდგომარეობების დიფერენცირებისთვის საჭიროა, არა მარტო კლინიკური გამოცდილება, არამედ - ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევის მონაცემთა სწორი ინტერპრეტაციის უნარი.

ნევროლოგთა გუნდი აღჭურვილია ყველა ინსტრუმენტით, რაც მათ ცერებრალური დამბლის 6 თვემდე ასაკში ამოცნობის საშუალებას აძლევს. ასევე აღსანიშნავია, რომ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნევროლოგიის ცენტრი ერთადერთია საქართველოში, სადაც პედიატრიული ინსულტის დიაგნოსტიკა და მართვა თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით ხორციელდება.

ნევროლოგიურ მიმართულებაში ჩართულია ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიის შემსწავლელი გუნდი (ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიების შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრნი), რომელიც მუშაობს ისეთ იშვიათ დაავადებებზე, როგორებიცაა: კუნთთა პროგრესული დისტროფია და სპინალური კუნთების ატროფია. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოში ამ დაავადებების მედიკამენტური მკურნალობა გახდა შესაძლებელი. სამკურნალოდ არსებული სამი მედიკამენტიდან ორი, საქართველოში პირველად, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გამოიყენეს.

ცენტრში ხორციელდება ბავშვთა ფსიქიატრიული დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა. ბავშვის ფსიქიკის შეფასება ხდება სხვადასხვა ტესტების: M-Chat, ASQ-3, CAP,Baylay-II, KABC-II -ის გამოყენებით.

რაც შეეხება ნეიროქირურგიულ მიმართულებას, ამ მხრივ წარმატებით ხორციელდება ურთულესი ოპერაციები თავისა და ზურგის ტვინის განვითარების მანკების, სიმსივნეების, სისხლძარღვოვანი მალფორმაციებისა და ტრავმული დაზიანებების დროს. კრანიოსინოსტოზების ქირურგიული მკურნალობის მეთოდი საქართველოში პირველად, ამ დეპარტამენტში დაინერგა.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ფსიქიატრიულ სერვისს მართავს მედიცინის დოქტორი, ციცო სირბილაძე. ნეიროქირურგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს გამოცდილი ნეიროქირურგი, ლადო წიქარიშვილი. ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ფსიქიატრიის ცენტრის ხელმძღვანელი კი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი და პროფესორი, ნანა ტატიშვილია.