20 აგვისტო, 2021

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ვაქცინაციის ცენტრი ამოქმედდა

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ევექსის ქსელში შემავალი კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც დღეიდან ვაქცინაციის ცენტრის ამოქმედებას იწყებს. ვაქცინაციის მხარდაჭერი კამპანიის ფარგლებში, ცენტრი პაციენტებს კვირაში 7 დღე, 10:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურება.

ვაქცინაციის ცენტრი ბოკერიას ჰოსპიტალში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია ქსელში და აცრის 10 კაბინეტის, მოსაცდელი და დაყოვნების სივრცეებისგან შედგება. თითოეული ბრიგადა ექიმის, ექთნისა და რეგისტრატორისგან არის დაკომპლექტებული, ხოლო ერთ კაბინეტში დღეში, საშუალოდ, 75 პაციენტის მომსახურება იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ვაქცინაცია მხოლოდ ფაიზერით ხორციელდება. უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი იქნება სხვა პრეპარატებიც (სინოფარმი, სინოვაკი, ასტრაზენეკა).

აღსანიშნავია, რომ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მდებარე ვაქცინაციის ცენტრში აცრა იმ პირებისთვისაც იქნება შესაძლებელი, რომლებსაც წინასწარი რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ამისათვის იმოქმედებს რეგისტრაციის ვირტუალური კაბინეტი, სადაც პერსონალი ადგილზე მისულ პაციენტებს გაუწევს დახმარებას.

შეგახსენებთ, რომ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ერთ-ერთი პირველი ჩაერთო კოვიდ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. კლინიკა კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს დღემდე უწევს მომსახურებას, თუმცა მოსახლეობას სრულფასოვან, მულტიპროფილურ სერვისებს ჩვეულ რეჟიმში აწვდის.