03 აგვისტო, 2020

ევროპის ინსულტის ორგანიზაციამ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრს ოქროს ხარისხის სიგელი მიენიჭა

ევროპის ინსულტის ორგანიზაციამ (ESO) დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის მწვავე სისხლძარღვოვან განყოფილებას (Stroke Unit, SU) ინსულტის მქონე პაციენტების მკურნალობის ოქროს ხარისხის სიგელი მიანიჭა. ESO-მ ჰოსპიტლის ნევროლოგიური სამსახურის საქმიანობა შეაფასა და გადაწყვეტილება თითოეული პაციენტის მონაცემების განხილვის შედეგად მიიღო.

მწვავე ინსულტის მართვის ერთეული დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში 2018 წლიდან ფუნქციონირებს და მას პროფესორი თამარ ჯანელიძე ხელმძღვანელობს. პაციენტები მწვავე ინსულტით მკურნალობის კურსს SU-ში გადიან, შედარებით მსუბუქი მდგომარეობის მქონე პირები კი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობენ.

აღსანიშნავია, რომ SU - ეს არის მწვავე სისხლძარღვოვანი განყოფილება, რომელიც მწვავე ინსულტის სამკურნალო სპეციალიზებულ მიმართულებას წარმოადგენს და სრულფასოვანი ინტენსიური თერაპიის უწყვეტ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური სამსახურის წარმატება სწორედ მულტიდისციპლინური გუნდის, ულტრათანამედროვე აპარატურისა და ოპერატიული მომსახურების შედეგია.

კლინიკაში ხორციელდება თრომბოლიზისი და თრომბექტომია, რომელიც მწვავე ინსულტის მკურნალობის თანამედროვე სტანდარტს წარმოადგენს. პროცედურებს წარმატებით ახორციელებს ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული გუნდი იაკობ ცერცვაძის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის მწვავე ინსულტის მართვის ერთეული სრულად აკმაყოფილებს ევროპის ინსულტის ცენტრის ორგანიზაციის კრიტერიუმს, რომლის თანახმადაც კლინიკაში ჩატარებული თრომბოლიზისისა და თრომბექტომიის პროცედურების რაოდენობა მიღებული ინსულტის მქონე პაციენტების 5%-ს შეადგენს.