23 ივნისი, 2021

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრს ინსულტის მართვის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის სტატუსი მიენიჭა

17 ივნისს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მწვავე იშემიური ინსულტის მართვისა და ენდოვასკულური მკურნალობის საერთაშორისო სემინარი ჩატარდა. კურსს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები უძღვებოდნენ და მას ესწრებოდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები, ნეიროქირურგები, ნევროლოგები და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ER) ექიმები საქართველოს სხვადასხვა კლინიკიდან.

სემინარი თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ კურსსაც მოიცავდა. ონლაინ რეჟიმში ნაჩვენები იყო მექანიკური თრომბოექსტრაქციის მანიპულაცია, რომელიც ანატომიურ მოდელზე ჩატარდა. საქართველოს მხრიდან სემინარს ნეიროქირურგი იაგო ცერცვაძე და ნევროლოგი თამარ ჯანელიძე უძღვებოდნენ, უცხოეთიდან კი ონლაინ პლატფორმით ჩაერთნენ სტამბოლის კვლევისა და ტრენინგის საუნივერსიტეტო (FSM) კლინიკის ნეირო-ინტერვენციონისტი ონურ ილმაზი და ვალდებრონის საუნივერსიტეტო კლინიკიდან (ბარსელონა) ნეირო-ინტერვენციონისტი დავიდ ჰერნანდესი

სემინარი დასავლეთ საქართველოს ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მას საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაცია Penumbra-ს მიერ ინსულტის მართვის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის სტატუსი მიენიჭა. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი და ევექსის ჰოსპიტალური ქსელის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი, იაგო ცერცვაძე კი Penumbra-ს მექანიკური თრომბექტომიის სერტიფიცირებული ტრენერი გახდა.

 

ინსულტის მართვის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის სტატუსით დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი მომავალში არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი კოლეგებისთვისაც გეგმავს საერთაშორისო სემინარების მოწყობას, რომელიც როგორც პრაქტიკულ (hands on workshop), ასევე თეორიულ კურსებს უზრუნველყოფს. საქართველოს მხრიდან სემინარებს ნეიროქირურგი იაგო ცერცვაძე და ნევროლოგი თამარ ჯანელიძე გაუძღვებიან.