31 იანვარი, 2022

ახალგაზრდა მამაკაცს ღვიძლი დამ გადაუნერგა - ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მორიგი წარმატებული ტრანსპლანტაცია ჩატარდა

„ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, სულ ჩემს დაზე ვფიქრობდი... ხუთი შვილის დედაზე, რომელმაც ჩემს გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გარისკა... იყო ფიქრების რამდენიმესაათიანი წყვეტა, წყვეტა ანესთეზიის ქვეშ... თვალის გახელისთანავე თამარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიკითხე და პასუხმა ამოსუნთქვის საშუალება მომცა... მისი თავგანწირვა ჩემთვის წარმოუდგენლად დასაფასებელი აღმოჩნდა, თუმცა თავად არც კი თვლიდა, რომ სასწორზე საკუთარ სიცოცხლეს დებდა. ექიმებისადმი გამოვლენილი ნდობით მეც მარწმუნებდა, რომ ოჯახში ორივენი ერთად, ახალი შემართებითა და ენერგიით დავბრუნდებოდით.

მანამდე კი 10 დამღლელი და რთული წელი გავიარე... საავადმყოფოდან საავადმყოფოში ხეტიალმა და მკურნალობის დაუსრულებელმა ციკლმა იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც ჩაკლა ჩემში, თუმცა ბოლოს კობა შანავასთან აღმოვჩნდი... ტრანსპლანტოლოგთან, რომელმაც გადარჩენის პირობა მომცა და ოპერაციული მკურნალობა სასწრაფოდ დაგეგმა.

ადვილი მისახვედრია, რომ დონორის ძიებას დიდი დრო არ წაუღია. ჩემმა უფროსმა დამ დონორობის სურვილი მაშინათვე გამოთქვა და ჩემი გადარჩენის სურვილი მასში იმდენად ძლიერი იყო, რომ სურვილი აუხდა: მისი ორგანო გადანერგვისთვის სრულიად შესაფერისი აღმოჩნდა, ოჯახს კი და-ძმა ნამდვილად ახალი ენერგიით, ჯანმრთელები დავუბრუნდით.“

32 წლის ზაზა მაჩიტიძეს ღვიძლის ციროზი, ვირუსული B ჰეპატიტი და კარის (პორტული) ვენის თრომბოზი აღენიშნებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ხდებოდა და ღვიძლის სასწრაფო გადანერგვას საჭიროებდა. ტრანსპლანტაცია ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე მოქმედ, ამიერკავკასიის მასშტაბით ტრანსპლანტაციის პირველ ცენტრში, პროფესორ კობა შანავასა და მისი გუნდის მიერ წარმატებით ჩატარდა.