16 August, 2021

ხელის მტევნის ტკივილის მიზეზები

ხელის მტევნის ტკივილის მიზეზები

ხელის მტევანი მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ მტევანი მხედველობასთან, სმენასთან და მეტყველებასთან ერთად წარმოადგენს გარე სამყაროსთან ადაპტაციისა და კომუნიკაციის საშუალებას, მას შეუძლია მრავალი ფუნქციის შესრულება (ნაზი და ნატიფი მოძრაობები, ძალის გამოყენება). ამიტომ, ბუნებრივია, რომ მისი ტკივილი დააქვეითებს ადამიანის ქმედითუნარიანობას.

რევმატული დაავადების ძირითადი მახასიათებელი ტკივილია, რაც მოიცავს მოძრაობის დიაპაზონისა და ფუნქციის შემცირებას ერთ ან რამდენიმე სახსარში.

ტკივილის მართვისთვის აუცილებელია მისი ადეკვატური შეფასება, ლოკალიზაციის, გავრცელების ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინება.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა მიზეზები აქვს ხელის ტკივილს:

  • ართრიტი - სახსრების ანთება, შეიძლება ლოკალიზებული იყოს სხივ-მაჯისა და ხელის მტევანზე. ძირითად შემთხვევაში, ხელის მტევნის სახსრების ართრიტი  გვხვდება რევმატოიდული ართრიტის (და არა მარტო) დროს, ზიანდება სხივ-მაჯისა და ხელის მტევნის თითები და მიმდებარე მყესები სიმეტრიულად. წვრილი სახსრები შეშუპებულია, მტკივნეულია, შებოჭილია, ძალა დაქვეითებულია, დროთა განმავლობაში სახსრები კარგავენ ფორმასა და ფუნქციას, ვითარდება დეფორმაციები, რაც ხელს უშლის ხელის ნორმალურ ფუნქციონირებას და გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.
  • ოსტეოართრიტი - ხელის მტევნის სახსრების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ასევე ეწოდება დეგენერაციული ოსტეოართრიტი. ესაა მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თითების წვრილ სახსრებზე. ახასიათებს სახსრების შეშუპება, შებოჭილობა (ხანმოკლე) და მტკივნეულობა. ასევე ახასიათებს სახსრების გადიდება. კვანძები ვითარდება მტევნის თითების დისტალურ ფალანგებზე , რომელსაც ეწოდება ჰებერდენის კვანძები, პროქსიმალურ ფალანგთაშუა სახსრების კვანძებს კი - ბუშარის კვანძები.
  • მაჯის არხის სინდრომი (კარპალური გვირაბის სიმპტომი) - მყესების მჭიდრო კონა რომელებსაც  თითები მოძრაობაში მოყავს, ვიწრო კარპარულ არხში გადის, ამავე არხში გადის შუათანა ნერვი, რომელიც აკონტროლებს ცერა, საჩვენებელი და შუა თითების მგრძნობელობას. მტევნის გადატვირთვის დროს მყესები შუპდება და ნერვი მკვეთრად იჭიმება, რასაც მოყვება დაბუჟება, ჩხვლეტა და თითების მოპულსირე ტკივილი.

 

დაავადების 5-10% ძირითადად პოსტმენოპაუზურ ქალებში გვხვდება (ჰორმონალური ცვლილებების გამო). დასაწყისში კლინიკური გამოვლინება იწყება ერთ ხელში თანდათანობით, თავდპირველად ტკივილს  გაღვიძებისთანავე გრძნობენ. უჩივიან ტკივილის შეგრძნებას მტევნის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე თითის ნახევარში. დროთა განმავლობაში ემატება ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება. ტკივილი დამახასიათებელია მყესის მთელ სიგრძეზე - ეს არის პროგრესული მდგომარეობა, რომელიც უარესდება სათანადო მოვლის გარეშე.

  • განგლიოზური კისტა - სითხით სავსე კეთილთვისებიანი წარმონაქმნი (ტომარა), რომელიც იქმნება სასახსრე კაფსულის ან მყესის გარსიდან თიაქრის სახით. განგლიოზური კისტა  ლოკალიზებულია მაჯისა და თითების სახსრების გაყოლებაზე. თითოეულ ადამიანში სიმპტომები განსხვავებულად ვლინდება. თავდაპირველად კისტა უმტკივნეულო, რბილი და მომრგვალებული ფორმისაა, ხელის დატვირთვის დროს, კი შეიძლება ტკივილმა იჩინოს თავი.
  • კუბიტალური გვირაბის სინდრომი - ეს არის იდაყვის ნერვის კომპრესული ნეიროპათია, რაც გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება მტევნის მე-4 და მე-5 თითების დაბუჟებით და აღნიშნულ თითებში მგრძნობელობის დაკარგვით გამოიხატოს. ახასიათებს ჩხვლეტის, წვისა და დაბუჟების შეგრძნება მე-4 და მე-5 თითებში. მათი გაშლა გართულებულია, რაც დროთა განმავლობაში მტევნის თითების ატროფიას იწვევს.
  • დე-კერვენის ტენოსინოვიტი - ცერა თითის მოკლე გამშლელი და თითის განმზიდავი მყესის ანთება, რომელიც ვითარდება ფიზიკური დატვირთვის დროს. დამახასიათებელია ყრუ ტკივილი მაჯასა და ცერა თითზე, რომელიც ძლიერდება მტევნის გადატრიალების ან ცერა თითზე მოჭერის შემთხვევაში. ტკივილი ვრცელდება მყესის მთელ პროექციაზე და სხივის ძვალზე. შეიმჩნევა მყესის გამსხვილება და შეხებისას აღინიშნება მტკივნეულობა.
  • დიუპიუტრენის კონტრაქტურა - ხელისგულის აპონევროზის (მკვირივი მყესოვანი ფირფიტა, ქსოვილოვანი წარმონაქმნი) გადაგვარების შემდეგ განვითარებული კონტრაქტურა. დაზიანება ვრცელდება მე-4 და მე-5, იშვიათად მე-2 და მე-3 თითების გასწვრივ. ძირითადად დაავადება შუახნისა და ხანშიშესულ მამაკაცებში გვხვდება. პროცესი უმეტესწილად ცალმხრივია.


ზოგადად ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაცაა და ემოციაც. იგი ერთგვარი ადაპტაციური ფუნქციის მატარებელია და გვაფრთხილებს პოტენციური და რეალური დაზიანების შესახებ. ვინაიდან ტკივილის ფენომენში ჩართულია კოგნიტური, ქვეცითი, სენსორული, ემოციური და ქცევითი ფაქტორები. მისი მკურნალობაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტებს უნდა მოიცავდეს.


ბლოგი მომზადებულია ექიმი-რევმატოლოგი რუსა ბიბილაშვილის მიერ.