
ივნისი, 2022 წელი... დავით ლაღიაშვილი, ჩვეულებისამებრ, ოჯახური საქმეებით იყო დაკავებული და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მისი რიგითი სამუშაო დღე 14-დღიან კომაში გადაიზრდებოდა.
„დღის ბოლოს ელექტროენერგია გამოვრთე, გაყვანილობის ბოძზე მის შესაკეთებლად ავედი და კიბეზე დგომის დროს თავბრუსხვევა ვიგრძენი. მას შემდეგ არაფერი მახსოვს. თვალი საავადმყოფოში გავახილე, სრულიად დაბნეული ვიყავი. მიყვებიან, რომ ვერ ვცნობდი ვერც ოჯახის წევრებს...“
დავითი 3-4 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ცნობიერება მყისიერად დაკარგა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯერ იყო გონების გათიშვა, შემდეგ კი - ვარდნა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. გამოკვლევებმა გამოავლინა მარცხენამხრივი ჰემიპარეზი (მარცხენა ხელ-ფეხის პარეზი), ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, თავის ტვინის ტრავმული შეშუპება, ქალასსარქვლის მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა დაბეჭის ძვლის მოტეხილობა. დიაგნოზი ძალიან მძიმე იყო, რასაც თან ერთვოდა კომატოზური მდგომარეობა, რომელიც 14 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება ნეიროქირურგმა გაგა ბეგიაშვილმა მიიღო და რისკების გათვალისწინებით, წარმატებით განახორციელა ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევის ევაკუაცია. პაციენტი კომიდან გამოვიდა, ეტაპობრივად მეხსიერება აღუდგა და დამაკმაყოფილებლად გაიარა პოსტოპერაციული პერიოდი. ის ბინაზე ყოველგვარი ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე გაეწერა იმედით, რომ ვარდნის შედეგად გამოწვეული ვიზუალური დეფექტის გამოსწორებაც შესაძლებელი გახდებოდა.
ნეიროქირურგიული ოპერაციიდან 6 თვეში, კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემების გათვალისწინებით, პაციენტის კრანიოპლასტიკისთვის საზღვარგარეთ ტიტანის 3D ინპლანტი დამზადდა.პლასტიკური ოპერაცია კახეთის რეგიონში პირველად და დიდი წარმატებით გაგა ბეგიაშვილმა განახორციელა.
გრძელ გზაგამოვლილი დავით ლაღიაშვილი დღეს ამბობს, რომ მისმა ნეიროქირურგმა შეძლო და ზედმიწევნით შეუსრულა ყველა პირობა - დღეს 42 წლის მამაკაცი თავს ისევ ჯანსაღ ადამიანად გრძნობს.