07 December, 2022

სიცოცხლის მეორე შანსი ავტოავარიის შემდეგ - 34 წლის მამაკაცის ისტორია

სიცოცხლის მეორე შანსი ავტოავარიის შემდეგ - 34 წლის მამაკაცის ისტორია

დაჩი მესხიშვილი 34 წლისაა, მეუღლე და პატარა გოგონა ჰყავს. ავარიის დღესაც სწორედ მათთან მიეჩქარებოდა, თუმცა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სახლის ნაცვლად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მიიყვანა.

კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანება გამოავლინა. დარღვეული იყო დიაფრაგმის მარცხენა გუმბათის მთლიანობა, აღინიშნებოდა მუცლის ღრუს ორგანოების დისლოკაცია მარცხენა პლევრის ღრუში. ასევე - ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხენა ფილტვის დაზიანება, კანქვეშა ტრავმული ემფიზემა (ჰაერის შეღწევა გულმკერდის კედლის რბილ ქსოვილებში) და ელენთის დაზიანება.

მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, თორაკოქირურგმა - აკაკი გვაზავამ და ზოგადმა ქირურგმა - მალხაზ გოგორელიანმა  ოპერაცია გადაუდებელ რეჟიმში დაიწყეს. პირველ ეტაპზე ჩატარდა ლაპარატომია – მუცლის ღრუს ორგანოები დაუბრუნდა თავიანთ ნორმალურ მდებარეობას. ნანახია ელენთის და ფილტვის  მრავლობითი ტრავმა. ფილტვის დაზიანებული ნაწილი მოტეხილ ნეკნებს შორის იყო მოხვედრილი, რის გამოც აუცილებელი გახდა პარალელურ რეჟიმში მეორე ოპერაციის ჩატარება. შესრულდა თორაკოტომია – მოიკვეთა სამი ნეკნი. გაიკერა დაზიანებული ფილტვი, სისხლის და ჰაერის დაკარგვა შეჩერდა. ამოიკვეთა ელენთა, დიაფრაგმა გაიკერა ორმხრივად. ჩაიდგა საკონტროლო დრენაჟები და ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

რთული ოპერაციული ჩარევის შემდეგ ხანგრძლივი იყო რეაბილიტაციის პროცესი, რომლის მაქსიმალურად კომფორტულად და ეფექტურად წარმართვაში რეანიმატოლოგებმა - თამარ ზაქარეიშვილმა და ნატო ჩხობაძემ შეიტანეს დიდი წვლილი.

ამჟამად დაჩი უმეტეს დროს ოჯახთან ერთად ატარებს, ექიმებს პერიოდული გამოკვლევებისთვის სტუმრობს და ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდება.