03 June, 2021

როცა 1 წამიც მნიშვნელოვანია - რეზიდენტი გოგონა საკუთარმა მეუღლემ გადაარჩინა

როცა 1 წამიც მნიშვნელოვანია - რეზიდენტი გოგონა საკუთარმა მეუღლემ გადაარჩინა
გადაგარჩინოს საკუთარმა პროფესიულმა არჩევანმა, იღბალზე მეტია, მით უმეტეს, როცა თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს საკუთარ თავზე გამოსცადა მანანა ახმაევამ, ახალგაზრდა ექიმმა, რომელიც მეუღლემ სიკვდილს სასწაულებრივად გამოსტაცა ხელიდან.


ევექსის კარდიოლოგიის რეზიდენტმა სასწავლო გარემოში კარდიოქირურგიის რეზიდენტი გაიცნო და მათი ისტორიაც აქიდან დაიწყო. 28 წლის მანანა რეზიდენტურას კავკასიის მედიცინის ცენტრში გადიოდა, თუმცა სიყვარულმა მეუღლესთან, სხვა ქალაქში გადაიყვანა. ახლა წყვილი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მუშაობს და ქუთაისში ცხოვრობს. სწორედ აქ იქცა ლამის საბედისწეროდ ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე.


მორიგეობიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქალი სახლში შეუძლოდ გახდა. გრძნობდა, რომ გონებას კარგავდა და მეუღლისთვის მიწერა მოასწრო. გაუმართლა, რომ საოპერაციო ბლოკში მყოფი მისი ქმარი ოპერაციიდან 20 წუთში გამოვიდა, წერილი წაიკითხა და მაშინათვე სახლისკენ გაემართა. იქ კი გონებადაკარგული ცოლი დახვდა.


ახალგაზრდა ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება, მეუღლესთან ერთად, ოჯახის მეგობარმა და კოლეგამ, რეანიმატოლოგმა თენგიზ ფურცხვანიძემ გაუწია, რომელთან ერთადაც დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრში მოთავსებული მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტი მოგვიანებით უმცროსმა ექიმმა, კარდიოქირურგიის რეზიდენტმა, გიორგი გაბაიძემ მართა. ჩატარებული კვლევების შედეგად CO ინტოქსიკაცია და ასპირაციული პნევმონია დადასტურდა. ინტენსიური თერაპიის შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესდა და მიუხედავად მაღალი ხარისხის ინტოქსიკაციისა, ახალგაზრდა რეზიდენტი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს 1 კვირაში დაუბრუნდა.