
-რა არის იუვენილური რევმატოიდული ართრიტი?
-იუვენილური რევმატოიდული ართრიტი უცნობი წარმოშობისდაავადებაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ბავშვებში გვხვდება, თუმცა უპირატესი გამოვლინება 2-დან 16 წლამდე ასაკია. ის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს სახსრების დაზიანებით, შესაძლოა დაზიანდეს სხვა ორგანოებიც, მაგალითად, ხშირი გართულებაა უვეიტი (თვალის შუა გარსის ანთება), პლევრიტი, ლიმფადენოპათია, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. განარჩევენ დაავადების რამდენიმე ფორმას: სისტემურს, რომელიც სახსრების დაზიანებასთან ერთად ცხელებით და კანზე გამონაყრით ვლინდება (ახასიათებს სისტემური დაზიანება) და ცხელების გარეშე, უპირატესად სახსრების დაზიანებით მიმდინარე ფორმას. ეს უკანასკნელი დაზიანებული სახსრების რაოდენობის მიხედვით კლასიფიცირდება, როგორც: ოლიგო და პოლიართრიტი.
- რა არის დაავადების მართვის წამყვანი მექანიზმი, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ პაციენტს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა?
-როგორც ვახსენეთ დაავადება ქრონიკულ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, სახსრების მძიმე და სხვა სისტემების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკა, რათა მოხდეს დროული და ადეკვატური მკურნალობის განხორციელება. მცირე ასაკის პაციენტებს უჭირთ სახსრის ტკივილის ადეკვატურად გადმოცემა, ამ დროს მშობელი უნდა დააკვირდეს ხომ არ აქვს ბავშვს კიდურებში მოძრაობა შეზღუდული, შეშუპებული სახსარი, ხომ არ კოჭლობს პერიოდულად, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში, უარს ამბობს სიარულზე. ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია დილის შებოჭილობა და მოძრაობის გაძნელება ხანგრძლივად პასიურ მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ.
-რა არის დაავადების მკურნალობის მეთოდები და რატომ უნდა ავირჩიოთ ამისთვის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო?
-მკურნალობა ძირითადად კონსერვატიულია და გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მედიკამენტები, დაავადების ხანდაზმულობისა და მიმდინარეობის მიხედვით. დაავადებას ქრონიკული მიმდინარეობა და მულტისისტემური დაზიანება ახასიათებს, ამდენად, საჭიროებს მუდმივად რევმატოლოგებისა და, საჭიროებისამებრ, სხვა მულტიპროფილური სპეციალისტების ჩართულობას, კლინიკო-ლაბორატორიულსა და ინსტრუმენტულ კვლევებს, რასაც ჩვენი კლინიკა სრულყოფილად უზრუნველყოფს. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ბავშვებმა იცხოვრონ ყოველგვარი დისკომფორტისა და შეზღუდვების გარეშე.