21 June, 2022

რჩევები ბავშვთა ნევროლოგ ციცო სირბილაძისგან

რჩევები ბავშვთა ნევროლოგ ციცო სირბილაძისგან

დღესდღეობით, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური დარღვევები გავრცელებული პრობლემაა. რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომელი გარეგანი ფაქტორები განაპირობებენ აშლილობების ჩამოყალიბებას და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? - ამ თემებზე, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ფსიქიატრი, ციცო სირბილაძე გვესაუბრა.

- რა სახის ფსიქიკურ აშლილობებს ვხვდებით უმეტესად ბავშვებსა და მოზარდებში, როგორ ვლინდება და რა არის მათი განვითარების მიზეზი?

-ბავშვთა და მოზარდთა ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობა ემოციური და ქცევითი დარღვევებია, რომლის  სიმპტომებმაც ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინონ თავი. ადრეული ასაკში, თუ ბავშვს დაქვეითებული აქვს ინტერესი გარე სამყაროს მიმართ, არ კონტაქტობს თანატოლებთან, ავლენს აგრესიულ ხასიათს ბაღსა თუ სკოლაში, ეს შეიძლება ამ აშლილობაზე მიუთითებდეს. 12-13 წლიდან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ძირითადად ქცევითი დარღვევები ვლინდება:

  • არაორგანული ხასიათის ძილის დარღვევებით;
  • სომატოფორმული აშლილობებით (ისტერიული ღებინება, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი და ა.შ);
  • სუიციდის მცდელობებით;
  • დეპრესიული აშლილობით;
  • შფოთვითი აშლილობით;
  • ადაპტაციის დარღვევებით, მწვავე სტრესული რეაქციებით;
  • ოპოზიციური განწყობით;
  • კვებითი დარღვევებით (ნერვული ანორექსია, ნერვული ბულემია);

აღნიშნული დარღვევები, შესაძლოა განპირობებული იყოს სოციოლოგიური ფაქტორითა და გენეტიკური წინასწარგანწყობით. სკოლის პერიოდში ბავშვები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლები, რაც ასევე ფსიქიკური პრობლემის მაპროვოცირებელია. აგრეთვე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახში არაჯანსაღი გარემო, მუდმივი კონფლიქტები და ა.შ

-რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა და როდის უნდა მიმართოს ექიმს?

- სიმპტომებზე დაკვირვება ადრეული ასაკიდანაა შესაძლებელი. 18 თვის ასაკიდან, თუ ბავშვი არ რეაგირებს სახელზე, არ ამყარებს თვალით კონტაქტს, არ კონტაქტობს თანატოლებთან, ავიწყდება ადრე ნასწავლი ერთეული სიტყვები, არ იშვერს თითს იმ მიმართულებით, რაც აინტერესებს და ა.შ - ყოველივე ეს შესაძლოა აუტისტური სპექტრის აშლილობაზე მიუთითებდეს, რაც მოითხოვს სპეციალისტის კონსულტაციას. გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტი მნიშვნელოვანია დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვისაც. მაგალითად, 2 წლის ასაკისთვის თუ ბავშვს არ აქვს განვითარებული მეტყველების უნარი უნდა დადგინდეს, კონკრეტულად რა პათოლოგიითა ის გამოწვეული. აქვე დავამატებ, რომ არცთუ ისე იშვიათად ვაწყდებით პრობლემას, როცა მშობელი ითვალისწინებს არაკომპეტენტური ხალხის აზრს, რაც ხშირად მეტი ზიანის მომტანი ხდება. მკურნალობის დადებითი შედეგები დიდწილადაა დამოკიდებული ადრეულ დიაგნოსტიკასა და სათანადო მართვაზე.

3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გავრცელებული პათოლოგიაა ღამის ენურეზი (უნებლიე შარდვა) და უნებლიე დეფეკაცია, რომლის გამომწვევი ხანდახან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესია. ასევე ხშირად ვხვდებით ღებინების, არაეპილეფსიური გონების კარგვის ეპიზოდებს, რომლებიც ასევე შესაძლოა ფსიქოგენური ბუნების იყოს. არც ისე იშვიათია მოტორული (მოძრაობის) ფუნქციების დარღვევა, რომელიც მოითხოვს დიფერენციალურ დიაგნოსტიკას პოლინეიროპათიებთან.

-როგორ უნდა შევუნარჩუნოთ ბავშვს ჯანსაღი ფსიქიკა და რა მკურნალობის მეთოდები გამოიყენება პათოლოგიების სამართავად?

-ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის, აუცილებელია ოჯახში მშვიდი და სტაბილური გარემოს არსებობა, სწორი აღზრდა, რაც გულისხმობს ბავშვის მიმართ მეტი სითბოსა და მხარდაჭერის გამოხატვას.

მკურნალობისთვის გამოიყენება მედიკამენტოზური მართვა და ფსიქოთერაპია, რომლის მიმართულებას ირჩევს სპეციალისტი, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. აუტიზმის შემთხვევაში მკურნალობას ემატება ABA თერაპია, რომელიც  ქცევის გამოყენებით ანალიზს ეფუძნება.