12 October, 2022

რადიაციული თერაპიის როლი ძუძუს კიბოს მკურნალობაში

რადიაციული თერაპიის როლი ძუძუს კიბოს მკურნალობაში

რადიაციული თერაპია ძუძუს კიბოს დროს

ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული კიბოა საქართველოში. 2020 წელს, ქვეყნის მასშტაბით ქალებში რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის კიბოს 1510 ახალი შემთხვევა, რაც ამ სქესობრივ ჯგუფში რეგისტრირებული ყველა ახალი მონაცემის 29.2%-ს შეადგენს. ამერიკის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის შეფასებით, ამერიკელ ქალებში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი სიცოცხლის განმავლობაში 12.9%-ს შეადგენს. ძუძუს კიბოს განკურნება ხშირად შესაძლებელია. საერთაშორისო მონაცემებით, ძუძუს კიბოს მქონე ყველა პაციენტის დაახლოებით 80 % ცხოვრობს დიაგნოზიდან მინიმუმ 10 წლის შემდეგ.

 

ძუძუს კიბოს მკურნალობა

თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენ გაქვთ ძუძუს კიბო, მნიშვნელოვანია კონსულტაცია ჩაიტაროთ მულტიდისციპლინარულ ექიმთა გუნდთან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კლინიკური ონკოლოგები, ძუძუს ქირურგები, რადიაციული ონკოლოგები და რადიოლოგები. სტადიების მიხედვით, ძუძუს კიბოს მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებულია.

 

ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდებია:

ქირურგია - ძუძუს კიბოს ლოკალური მკურნალობის ძირითადი მეთოდი. ქირურგიულ მკურნალობას ხშირად თან ახლავს რადიაციული თერაპია, რათა შემცირდეს ლოკალური რეციდივის რისკი ძუძუში, გულმკერდის კედელში და/ან ლიმფურ კვანძებში. ქირურგიული ჩარევა შეიძლება იყოს განსხვავებული:

ლამპექტომია ან სექტორული რეზექცია - სიმსივნური ქსოვილის ქირურგიული მოცილება ჯანსაღი ქსოვილების ფარგლებში ძუძუს შენარჩუნებით. ამ ტიპის ოპერაციის დროს აუცილებელია რადიაციული თერაპიის ჩატარებაც.

მასტექტომია - მთლიანად ძუძუს ქირურგიული მოცილება. მასტექტომიის შემდეგ შესაძლებელია ძუძუს პლასტიკური რეკონსტრუქციული ოპერაციის ჩატარება. მასტექტომია კეთდება  სიმსივნის დიდი (> 4სმ)  ზომის და/ან მულტიცენტრული ზრდის დროს.  შემთხვევათა უმრავლესობაში, ამ ტიპის ოპერაციის შემდეგ, საჭიროა რადიაციული თერაპიის ჩატარება.

 

აუცილებელია, ოპერაციის განმავლობაში ამოიკვეთოს რეგიონალური ლიმფური კვანძები, რათა შეფასდეს მათში სიმსივნური უჯრედების არსებობის საკითხი. თუ აღმოჩნდება, რომ ერთი ან მეტი ლიმფური კვანძი დაზიანებულია სიმსივნური უჯრედებით, მნიშვნელოვანია დამატებითი ლიმფური კვანძების ამოკვეთაც. რეგიონული  ლიმფური  კვანძების სტატუსი,  კვლავ მიიჩნევა დაავადების ერთ-ერთ მთავარ  პროგნოზულ  ფაქტორად.

 

ლამექტომიაც და მასტექტომიაც თანაბრად ეფექტური მიდგომებია ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია კონსულტაციის გავლა ქირურგსა და რადიაციულ ონკოლოგთან, რათა მიიღოთ ინფორმაცია, ორივე შემთხვევის რისკებისა და სარგებლის შესახებ.

რადიაციული თერაპია- ოპერაციის შემდეგ ამცირებს ძუძუს კიბოს ლოკალური რეციდივის რისკს და შესაბამისად აუმჯობესებს გადარჩენადობას. რადიაციული თერაპია გულისხმობს ძუძუს, გულმკერდის კედლის და/ან რეგიონალური ლიმფური კვანძების ფოკუსირებულ დასხივებას. რადიაციული თერაპია კლავს კიბოს უჯრედებს და უკარგავს მათ გამრავლების უნარს. აღსანიშნავია, რომ რადიაცია კიბოს უჯრედების გარდა აზიანებს ნორმალურ უჯრედებსაც სამკურნალო ზონაში. მიუხედავად ამისა, რადიაცია უფრო მეტად მოქმედებს კიბოს უჯრედებზე, ვიდრე ნორმალურ უჯრედებზე. კიბოს უჯრედები უფრო სწრაფად იზრდება და იყოფა, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედები და ასევე ნაკლებად ორგანიზებულნი არიან, ამის გამო, კიბოს უჯრედებისთვის უფრო რთულია გამოსხივების მიერ მიყენებული ზიანის აღდგენა. ასე რომ, კიბოს უჯრედები უფრო ადვილად ნადგურდება რადიაციის შედეგად, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უკეთესად ახერხებენ თავის აღდგენას და გადარჩენას. რადიაციული თერაპია საგულდაგულოდ იგეგმება რადიაციულ ონკოლოგთა და სამედიცინო ფიზიკოსთა მიერ, რათა თქვენ მიიღოთ მაქსიმალურ სარგებელი და რაც შეიძლება ნაკლები გვერდითი ეფექტი.

 

მედიკამენტოზური/სისტემური მკურნალობა- მედიკამენტოზური მკურნალობა რეკომენდირებულია გადარჩენადობის გასაუმჯობესებლად. კლინიკური ონკოლოგი შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაავადების გავრცელების შესაბამისად შეგირჩევთ მედიკამენტოზური/სისტემური მკურნალობის თვენთვის შესაფერის მეთოდს:

ქიმიოთერაპიას აქვს კიბოს უჯრედების განადგურების უნარი. ხშირად, გამოიყენება ორი ან სამი განსხვავებული ტიპის პრეპარატის კომბინაცია უკეთესი შედეგის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შემთხვევაში მედიკამენტების დოზა და მკურნალობის გრაფიკი განსხვავებულია, ქიმიოთერაპია ჩვეულებრივ ტარდება ყოველ ორ-სამ კვირაში ერთხელ რამდენიმე თვის განმავლობაში. ზოგჯერ ეს მკურნალობა ტარდება ოპერაციამდეც (ე.წ. ნეოადიუვანტური თერაპია).

ჰორმონოთერაპია - გამოიყენება, რათა დაიბლოკოს ქალის სასქესო ჰორმონების გავლენა ორგანიზმზე. ჰორმონპოზიტიური ძუძუს კიბოს შემთხვევაში ქალის სასქესო ჰორმონები იწვევენ სიმსივნის ზრდას. პროცედურა ძირითადად ტაბლეტირებული ფორმით მიმდინარეობს. მკურნალობა იწყება რადიაციული თერაპიის პარალელურად ან მისი დასრულების შემდეგ. ჰორმონოთერაპიისათვის გამოყენებული მედიკამენტის დასახელება და დოზა შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, მისი მიღება აუცილებელია ყოველდღიურ რეჟიმში და ხანგრძლივი პერიოდით,  რამდენიმე წლის მანძილზე.

თარგეთული თერაპია - გამოიყენება HER2 პოზიტიური ძუძუს კიბოს მკურნალობაში. თარგეთული თერაპია შეიძლება  დაინიშნოს  ზოგიერთ ქიმიოთერაპიულ მედიკამენტებთან (ტაქსანების)  პარალელურ რეჟიმში,  მაგრამ ზოგიერთ ქიმიოთერაპიულ მედიკამენტთან (ანტრაციკლინები) ერთად მათი გამოყენება არ შეიძლება.

რადიაციული თერაპია ლამპექტომიის შემდგომ

ლამპექტომიის შემდგომ უნდა დასხივდეს მთლიანი ძუძუ და საჭიროების შემთხვევაში რეგიონალური ლიმფური კვანძები. რადიაციის წარმოქმნა და შემდეგ გამოსხივება ხდება აპარატიდან, რომელსაც წრფივი ამაჩქარებელი (ლინაკი) ეწოდება.  თერაპია სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა და ტარდება რენტგენის სხივის გამოყენებით. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა დამატებით გამოყენებულ იქნას ელექტრონები ზედაპირული ქსოვილების დასხივების მიზნით ან პროტონები უფრო ფოკუსირებული რადიაციის მიზნით. მკურნალობა ტარდება ყოველდღე, კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. რადიაციული თერაპიის პროცედურა,  15-20 წუთის მანძილზე გრძელდება. სრული კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და შესაძლოა ვარირებდეს სამიდან შვიდ კვირამდე.

მკურნალობის დაწყებამდე, პირველ რიგში, აუცილებელია დაგეგმარების პროცედურის ჩატარება კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით. აღნიშნული პროცედურის განმავლობაში მოინიშნება სხეულის პოზიციის კოორდინატები (წერტილოვანი ტატუები) კანზე, რათა რადიაციული თერაპიის ტექნიკოსებმა სწორად შეძლონ პაციენტის პოზიციონირება შემდგომ მკურნალობის კურსის მანძილზე.

ლამპექტომიის შემდეგ ძუძუს რადიაციული თერაპია ფრონ პოზიციაში

თერაპიას ფრონ პოზიციაში, მიმართავენ ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაციების შემდეგ, რაც წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას მკვეთრად შემცირდეს დოზა გულსა და ფილტვზე. ამავდროულად, უზრუნველყოფს დოზის ერთგვაროვან გადანაწილებას, კანის ტოქსიურობის შემცირებასა და დასასხივებელი არის სუნთქვით მოძრაობის მინიმუმამდე დაყვანას.

ძუძუს ნაწილობრივი აჩქარებული რადიაციული თერაპია ლამპექტომიის შემდეგ

მიმდინარე კვლევები გვიჩვენებენ, რომ პაციენტთა კონკრეტულ ჯგუფში ძუძუს მხოლოდ იმ ნაწილის დასხივება, სადაც სიმსივნე მდებარეობდა რადიაციული თერაპიის მოკლე კურსის გამოყენებით შესაძლოა იყოს უსაფრთხო და ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი შედეგები პერსპექტიულია, რადიაციული თერაპიის ეს ტაქტიკა ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია. დამატებითი ინფორმაციისთვის, აუცილებელია პაციენტმა მიმართოს მის მკურნალ ექიმს.

რადიაციული თერაპია მასტექტომიის შემდეგ

მასტექტომიის შემდეგ, შესაძლოა საჭირო იყოს რადიაციული თერაპიის ჩატარება გულმკერდის კედლისა და რეგიონალური ლიმფური კვანძების არეზე. რადიაციული თერაპიის საჭიროება მასტექტომიის შემდეგ, დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: დაზიანებული ლიმფური კვანძების რაოდენობა, პირველადი სიმსივნური წარმონაქმნის ზომა, ქირურგიული გადაკვეთის ხაზებზე სიმსივნური უჯრედების არსებობა. პაციენტებმა, რომლებიც მასტექტომიის შემდეგ გეგმავენ პლასტიკური/რეკონსტრუქციული ოპერაცის ჩატარებას, აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია ონკო-პლასტიკურ ქირურგთან და რადიაციულ ონკოლოგთან, რათა განიხილონ რადიაციული თერაპიის მოსალოდნელი ეფექტები.

DIBH (deep inspiration breath hold) ტექნიკა ღრმა ჩასუნთქვის ფაზაში სუნთქვის შეკავების დროს დასხივებას გულისხმობს. ღრმა ჩასუნთქვისას ფილტვები იშლება მაქსიმალურად, შესაბამისად გული და დასასხივებელი არე შორდება ერთმანეთს, რის შედეგადაც გულის მიერ მიღებული დოზა მცირდება. ჩასუნთქვა ყველა ჯერზე უნდა იყოს თანაბარი. დასხივების პროცესში საჭიროა უწყვეტი მონიტორინგი, რათა უმნიშვნელო ცვლილების დროსაც კი შეწყდეს დასხივება, ვიდრე ჩასუნთქვის სიღრმე სასურველ დონეს არ მიაღწევს.

 

რადიაციული თერაპის გვერდითი ეფექტები

ყველაზე ხშირი მოკლევადიანი გვერდითი მოვლენებია: შეშუპება;  კანის გაღიზიანება, სიწითლე და პილინგი; ქავილისა და წვის შეგრძნება ირადიაციის არეში; დაღლილობა. იშვიათად ყელის ტკივილი და დისკომფორტი ყლაპვის დროს.

მოგვიანებით პერიოდში, ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება შენიშნოს მკერდის ზომის შემცირება და გამკვრივება. რადიაციულმა თერაპიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდგომში მკერდის პლასტიკური რეკონსტრუქციის შესაძლებლობაზე. რადიაციული თერაპიის შემდეგ, ხშირია ძუძუთი კვების პრობლემებიც.

რეგიონალური ლიმფური კვანძების ირადიაციის შემთხვევაში, ერთ-ერთი მოგვიანებითი გვერდითი ეფექტია პლექსოპათია, რაც ვლინდება დაბუჟებით, ტკივილით და სისუსტით მხრის, მკლავისა და მტევნის არეში. რეგიონალური ლიმფური კვანძების დასხივებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ლიმფედემა - შეშუპება იმავე მხარეს მტევნის, წინამხრის და მხრის არეში.

წინა წლებში, ხშირი იყო მოგვიანებითი ეფექტები გულისა და ფილტვების მიმართულებით, თუმცა თანამედროვე რადიაციული თერაპიის აპარატურა იძლევა საშუალებას დავიცვათ ეს ორგანოები უფრო მეტად. იშვიათ შემთხვევებში, რადიაციულმა თერაპიამ შეიძლება დაასუსტოს დასხივების არეში მდებარე ნეკნები, რამაც შეიძლება გაზარდოს მომავალში მათი მოტეხილობის რისკი.  

 

ზრუნვა საკუთარ თავზე რადიაციული თერაპიის განმავლობაში:

  • დაისვენეთ და ისეირნეთ ბევრი მკურნალობის კურსის განმავლობაში;
  • მიჰყევით თქვენი რადიაციული ონკოლოგის რეკომენდაციებს;
  • დაუსვით ყველანაირი კითხვა თქვენს რადიაციულ ონკოლოგს. მკურნალობის პროცესში არ არსებობს არასწორი კითხვები;
  • არ მიიღოთ მედიკამენტი, ვიტამინი ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი თქვენს რადიაციულ ონკოლოგთან შეთანხმების გარეშე;
  • იკვებეთ დაბალანსებულად;
  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი;
  • თუ გიჭირთ ჭამა, გაქვთ გულისრევა ან ღებინება დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს;
  • განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ კანს ირადიაციის არეში. არ დაიდოთ ძალიან ცივი ან ცხელი საფენი. კანი გაისუფთავეთ თბილი წყლითა და რბილი საპონით;
  • გამოიყენეთ მხოლოდ ის ლოსიონი ან მალამო, რომელიც დაგინიშნათ თქვენმა რადიაციულმა ონკოლოგმა;
  • მოერიდეთ მზეს.