
„პირველი, რაც მე-8 სართულიდან ლიფტის კაბინის ჩავარდნისასმოვიმოქმედე, ბავშვის ხელში აყვანა იყო. მერე ძლიერი დაცემა ვიგრძენი, ყველაფერი დაბნელდა და აღარაფერი მახსოვს... ამის შემდეგ დაიწყო მკურნალობის გრძელი, ძალიან გრძელი გზა“...
დავით გობეჯიშვილის პატარას ძალიან გაუმართლა - ბავშვი ინციდენტს მსუბუქი დაზიანებებით გადაურჩა. 49 წლის მამაკაცისთვის კი უბედური შემთხვევის შედეგები საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა. მათ შორის - წელის მეოთხე მალის, როგორც სხეულის, ასევე მორჩების ფრაგმენტოვანი მრავლობითი მოტეხილობა დისლოკაციითა და კომპრესიით( სპინალურ არხსა და ნერვულ ფესვებზე), მარჯვენა დიდი წვივის ძვლის დიაფიზის ღია, მცირე წვივის ძვლის მრავალფრაგმენტოვანი, მარჯვენა წვივის მედიალური გოჯისა და მარჯვენა მხრის ძვლის პროქსიმალური მოტეხილობები. პაციენტს ოპერაციული მკურნალობა სხვა კლინიკაში ორჯერ დასჭირდა, თუმცა როგორც თავად ჰყვება, გაუსაძლისი დისკომფორტი გარკვეული პერიოდულობის შემდეგ კვლავ მძაფრდებოდა.
„ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ძლიერი ტკივილის ჩივილებით მივედი. წელის ტკივილი მარჯვენა ფეხზე გადამეცემოდა, მქონდა საერთო სისუსტე და ხშირი დაბუჟება, ძალის დაქვეითება. სწორედ იქ შევხვდი ასლან გერმანიშვილს, ნეიროქირურგს, რომელმაც არა მხოლოდ ჩემს დიაგნოზს, არამედ ჩემს უიმედობასაც უმკურნალა. მან მომცა რწმენა, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებოდი,“ - იხსენებს პაციენტი.ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ და ფუნქციურმა რენტგენმა გამოავლინა ხერხემლის არხის სტენოზი, არასტაბილურობა წელის მიდამოში და ჩაყენებული ჭანჭიკების M2 პოზიციონირება. ნეიროქირურგების გუნდმა ასლან გერმანიშვილის ხელმძღვანელობით ქირურგიული ჩარევა დაგეგმა და პაციენტს არსებული დისკომფორტებისა და ტკივილის მოხსნის პირობა მისცა. ჩატარდა ოპერაცია: ჩაყენებული ჭანჭიკების რევიზია - ტრანსპედიკულური ფიქსაცია, ლამინექტომია/ მოტეხილი ფრაგმენტის ამოღება, ფორამინოტომია - მარჯვენამხრივი წელის 4/5 მალების დონეზე ფესვების დეკომპრესია, რაც წარმატებით დასრულდა.
როგორც დავით გობეჯიშვილი ამბობს, მისმა ექიმმა პირობა შეასრულა: მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ მამაკაცმა ცხოვრების ჩვეული რეჟიმი და ხალისი დაიბრუნა.