
„არ მეგულება ადამიანი, სიცოცხლე არ უნდოდეს, მაგრამ ცოტას ახსოვს, რომ ყოველთვის აქვს ცხოვრების გაგრძელების შანსი,“ - ეს სიტყვები ჩვენი კლინიკის უკვე ყოფილ პაციენტს, გადარჩენილ ნატო ჩაკვეტაძეს ეკუთვნის, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ წელს ჩაიფიქრა, გამხდარიყო მოტივატორი სიმსივნის დიაგნოზთან მებრძოლი სხვა ქალებისთვის და ასეც მოიქცა...
გადარჩენის შემდეგი ისტორია, რომელსაც დღეს გიზიარებთ, სწორედ ნატოს შემართებით და თანამონაწილეობით შედგა. მან დაარწმუნა 46 წლის ირინა ვაწაძე, მკურნალობა დაეწყო და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ებრძოლა.
ირინამ ხელით გასინჯვისას სარძევე ჯირკვალში სიმაგრე შენიშნა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, კისტებისკენ მიდრეკილმა ქალმა საფრთხე სერიოზულად ვერ აღიქვა. სიმაგრე ზომაში გაიზარდა, რის შემდეგაც ის კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ეწვია.
სკრინინგმა საეჭვო კერა გამოავლინა. საჭირო გახდა მამოლოგის კონსულტაცია და ბიოფსია. მამოლოგმა შოთა მაღლაკელიძემ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დასვა და შემდგომი გამოკვლევების ჩატარება მოითხოვა, თუმცა დიაგნოზის დასმისთანავე პაციენტში დიდი ემოციური ცვლილება მოხდა.
„მეგონა, რომ ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ რეზისტენტული ვიყავი, მაგრამ ამ დიაგნოზმა საბოლოოდ დამისვა წერტილი. სიცოცხლე აღარ მინდოდა... მახსოვს, კლინიკის დერეფნებში, სართულსა და სართულს შორის შფოთვით დავდიოდი და ადგილს ვერ ვპოულობდი. თითქოს, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, სიარულის გარდა. დავნებდი და გადავწყვიტე, მეცოცხლა მხოლოდ ის პერიოდი, რომელიც მკურნალობაზე უარის თქმის შემთხვევაში დამრჩენოდა,“ - იხსენებს ირინა ვაწაძე.
თუმცა კლინიკის დერეფნებში მოხეტიალე აღელვებული ქალი შეუმჩნეველი არ დარჩა ნატო ჩაკვეტაძეს, რომელიც ჰოსპიტალში გეგმიური შემოწმებისთვის იმყოფებოდა. ირინა ვაწაძე გვიყვება, რომ ნატო მას დიაგნოზის დასმიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში აქტიურად ეკონტაქტებოდა, უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას, გადარჩენის ისტორიას და ჰპირდებოდა ემოციურ დახმარებას. სწორედ მან დაარწმუნა ქალი, მკურნალობა დაეწყო.
„მუდმივად მიმეორებდა, რომ კიბო განაჩენი არ არის. მიყვებოდა, რას გრძნობდა თავად, როცა ამ დიაგნოზს ებრძოდა, მაიმედებდა და მისმა იმედებმა გაამართლა კიდეც. მიუხედავად ჩემი მძიმე სენისა, მკურნალობამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.“
ირინა ვაწაძის მკურნალობის კურსი ქიმიოთერაპიით დაიწყო. ორი გადასხმის შემდეგ პირველი შედეგი დადგა, სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნი აღარ ვლინდებოდა, რასაც რადიოლოგიური გამოკვლევებიც ადასტურებდა. წარმატებული ქიმიოთერაპიის შემდეგ ოპერაცია ჩატარდა. სიმსივნური უჯრედები არც მიკროსკოპულ დონეზე გამოვლინდა. მკურნალობის მესამე ეტაპზე კი სხივური თერაპია დაიწყო.
ირინა ვაწაძემ შეძლო დაავადებაზე გამარჯვება და დაუბრუნდა არა მხოლოდ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, არამედ აქტიურად ჩაერთო „პაციენტთა სკოლაში,“ რომელიც კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში უკვე 1 წელია, მოქმედებს და სიმსივნის დიაგნოზთან მებრძოლ პაციენტებს ემოციურ მხარდაჭერასა თუ ფსიქოლოგიურ მომზადებას ჰპირდება.