16 August, 2021

პოსტ-კოვიდური გართულების მართვა ბავშვებში იაშვილის ჰოსპიტალში

პოსტ-კოვიდური გართულების მართვა ბავშვებში იაშვილის ჰოსპიტალში

იაშვილის ჰოსპიტალში კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები პოსტ-კოვიდ მომსახურეობასაც იღებენ. კორონავირუსის ძირითად გართულებას ბავშვებში ვირუსის შემდეგ განვითარებული მულტისისტემური ანთებითი სინდრომი წარმოადგენს (MIS-C). ეს არის სისტემური დაავადება, რომელიც გახანგრძლივებული ცხელებითა და მძიმე ანთებითი პროცესით მიმდინარეობს.მულტისისტემური ანთებითი სინდრომის კლინიკური ნიშნები მრავალფეროვანია და წარმოდგენილია შემდეგი სიხშირით:

  • მუდმივი ცხელება 38 გრადუსი C და მეტი (საშუალო ხანგრძლივობა 4-6 დღე);
  • კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა; ზოგიერთ ბავშვში აპენდიციტის კლინიკის მსგავსი);
  • კანზე გამონაყარი;
  • კონიუქტივიტი;
  • ნეიროკოგნიტური სიმპტომები (თავის ტკივილი, ლეთარგია, ცნობიერების შეცვლა);
  • რესპირაციული სიმპტომები და სხვა.


დაავადების განვითარების მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სინდრომი წარმოიქმნება ვირუსზე ორგანიზმის პასუხად განვითარებული პათოლოგიური იმუნური რეაქციით. გვხვდება საშუალოდ 8-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ვინაიდან MIS-C მულტისისტემური დაზიანებაა, მისი მართვა მოითხოვს მრავალპროფილურ კოორდინაციას. პროცესში ჩართულები არიან: ბავშვთა ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, ბავშვთა რევმატოლოგი, ბავშვთა კარდიოლოგი, ბავშვთა რეანიმატოლოგი, ბავშვთა ჰემატოლოგი, ბავშვთა ნევროლოგი და ბავშვთა ნეფროლოგი. იაშვილის ჰოსპიტალში პოსტ-კოვიდ მდგომარეობის მართვაში ჩართულია მაღალკვალიფიციური გუნდი:პროფ. ივანე ჩხაიძე, პროფ. ნანა ტატიშვილი, პროფ. ნანა ცხაკაია, პროფ. ასმათ შენგელაია, პროფ. თინათინ დავითაია, პროფ. ქეთევან მათიაშვილი, ნინო ქიქოძე, ნინო დადვანი, ნინო სირაძე, გვანცა ჯაჯანიძე, თამარ დევდარიანი, მაკა თევზაძე და სხვები.

პაციენტის მართვა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე (შოკი, გულის დისფუნქცია, კავასაკის დაავადების მსგავსი ნიშნები და სხვა). შესაძლებელია, პაციენტთან რამდენიმე სინდრომი ერთად აღინიშნოს და, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყოს რამდენიმე კატეგორიაზე მიმართული ინტერვენციის ჩატარება. მაგალითად, საშუალო და მძიმე გამოვლინებების მქონე პაციენტების უმრავლესობისთვის მიზანშეწონილია:

  • ემპირიული ანტიბიოტიკები;
  • ინტრავენური იმუნური გლობულინი (IVIG);
  • კორტიკოსტეროიდები;
  • პროფილაქტიკური ანტითრომბოზული  თერაპია.


იაშვილის ჰოსპიტლის მაღალკვალიფიციური გუნდი პოსტ-კოვიდური გართულებების მართვისთვის ეყრდნობა თანამედროვე, აღიარებულ გაიდლაინებს: ამერიკის პედიატრიის აკადემიის („MIS-C Interim Guidance”), ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC), თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო საზოგადოების კონსესუს-რეკომენდაციებსა და  ამერიკის რევმატოლოგიის კოლეგიის გაიდლაინს.