
ხათუნა ცხელიშვილი ახალგაზრდა ქალია, უკვე ყოფილი ონკოპაციენტი... მცირე ზომის წარმონაქმნი კანზე, მარჯვენა თვალის მიდამოში მან ჯერ კიდევ 1 წლის წინ შენიშნა. ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ ონკოლოგიასთან ექნებოდა შეხება, ვიდრე წარმონაქმნი ზომაში არ გაიზარდა და უჩვეულო შესახედი გახდა.
ხათუნამ სასწრაფოდ ექიმს მიმართა. ჩატარდა გამოკვლევები. დადგინდა, რომ ეს იყო სიმსივნური წარმონაქმნი მარჯვენა თვალის შიდა კუთხის არეში, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა ოპერაციულ ჩარევას. მკურნალობის სხვა მეთოდი არ განიხილებოდა, რადგან არსებობდა არა მხოლოდ მხედველობის, არამედ სრულად თვალის ორბიტას დაკარგვის საფრთხე.
წარმონაქმნის ადგილმდებარეობა ოპერაციის შემთხვევაშიც სარისკო იყო. გამოიკვეთა საცრემლე არხის დაზიანებისა და მხედველობის დაკარგვის საფრთხე. სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ქირურგისგან პაციენტმა ოპერაციაზე უარი მიიღო. ხათუნას ბოლო იმედად კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი რჩებოდა.
ონკოქირურგმა შოთა მაღლაკელიძემ პაციენტთან კონსულტაციის, შესაბამისი გამოკვლევების, ბიოფსიის გზით სიმსივნის აგრესიული ფორმის დადგენის და წანაზარდის მდებარეობის განსაზღვრის შემდეგ ოპერაცია დაგეგმა და სრული სიზუსტით, წარმატებულად ჩაატარა. ახალგაზრდა ქალს მხედველობა და თვალის მიდამოს ესთეტიური, ბუნებრივი ფორმა შეუნარჩუნდა.
პაციენტი, ნაწიბურის ჩამოყალიბების გარეშე, სრულიად გათავისუფლდა სიმსივნური წარმონაქმნისა და მისგან გამოწვეული დისკომფორტისგან. ქალი ჩვეულ, სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა.