
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში ონკოლოგიური დაავადებების ფართო სპექტრის მკურნალობა ხორციელდება. ჰოსპიტლის ერთ-ერთი წარმატებული მიმართულებაა ონკომამოლოგია, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სარძევე ჯირკვლების, მისი სიმსივნური წარმონაქმნების სრულფასოვან გამოკვლევა-მკურნალობას.
ონკომამოლოგიის მიმართულებით ხელმისაწვდომია ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები: ულტრაბგერითი გამოკვლევა, მამოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ბიოფსიის სხვადასხვა ტიპი და სხვა. ჰოსპიტალში მოქმედებს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაც, რომელიც შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებს კვლევებს საჭიროების მიხედვით სთავაზობს.
ონკოლოგიის ცენტრში თითოეული სამედიცინო შემთხვევა ინდივიდუალური მიდგომით განიხილება. გადაწყვეტილება მკურნალობის გზების შესახებ კონსილიუმის ფორმატში მიიღება, რომელშიც ჩართულები არიან როგორც კლინიკური ონკოლოგები და მამოლოგები, ისე რადიოლოგები და სხივური თერაპევტები. ამ მიმართულებით ჰოსპიტალში ტარდება ყველა სახის ოპერაცია. ამას გარდა, დანერგილია ქირურგიული მიდგომები თანამედროვე მეთოდებით. წარმატებით ხორციელდება ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაციები, როგორიცაა:
- „საგუშაგო“ ლიმფური კვანძის ამოკვეთა („პირველი“ კვანძი მეტასტაზების გავრცელების გზაზე) ;
- ლამპექტომია (სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მცირე უბნის მოცილება);
მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე ოპერაცია ონკომამოლოგიაში თანამედროვე მეთოდებია და მათი უპირატესობა ორგანოს შენარჩუნებაა. ქირურგიული ჩარევები ძუძუს კიბოს საწყის ფორმებზე, ანუ პირველი და მეორე სტადიის შემთხვევებში ტარდება. ონკომამოლოგიის მიმართულებას კლინიკაში ხელმძღვანელობს ონკომამოლოგი და ონკოქირურგი, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე შოთა მაღლაკელიძე.
კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის კიდევ ერთი უპირატესობაა სხივური თერაპია, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს საჭიროების მიხედვით უტარდებათ და ის ტარდება „ვარიანის“ უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებლით (TrueBeam, Clinac-iX). ეს იძლება საშუალებას, მოხდეს ჯანსაღი ქსოვილების დაცვა და დასხივება დაზიანებულ უბანზე მაქსიმალური სიზუსტით განხორციელდეს.