04 May, 2021

მწვავე ინსულტის მკურნალობის ოქროს სტანდარტი

მწვავე ინსულტის მკურნალობის ოქროს სტანდარტი
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ერთადერთია რეგიონში, სადაც პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის სრულყოფილი გამოკვლევა ტარდება. ჰოსპიტალი პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში სთავაზობს ისეთი გადაუდებელი ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა იშემიური ინსულტი, ეპილეფსია და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიები. ასევე, უზრუნველყოფს გეგმიურ ამბულატორიულ სერვისს. კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით, მათ შორის ხელმისაწვდომია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია და ელექტრონეირომიოგრაფია, რაც ყველა სირთულის ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.

განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში 2018 წლიდან ფუნქციონირებს ინსულტის სპეციალიზებული განყოფილება (Stroke Unit), რომელსაც პროფესორი თამარ ჯანელიძე ხელმძღვანელობს. ამ მიმართულებით იშემიური ინსულტის მკურნალობა ევროპული პროტოკოლების მიხედვით იგეგმება. კლინიკაში ხორციელდება ე.წ. სისტემური თრომბოლიზისი (სიმპტომების აღმოცენებიდან პირველი 4,5 საათის განმავლობაში) და თრომბექტომია (სიმპტომების აღმოცენებიდან მაქსიმუმ პირველი 6-8 საათის განმავლობაში), რაც თრომბის დაშლას ან მოცილებას კათეტერის მეშვეობით გულისხმობს. ეს ორი ძირითადი მეთოდი მწვავე ინსულტის მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს და შედეგი დიდწილად არის დამოკიდებული პაციენტის დროულ ჰოსპიტალიზაციაზე.

ინსულტის მართვის ერთეული სრულად აკმაყოფილებს ევროპის ინსულტის ცენტრის ორგანიზაციის კრიტერიუმებს, რომლის თანახმადაც კლინიკაში ჩატარებული თრომბოლიზისისა და თრომბექტომიის პროცედურების რაოდენობა მიღებული ინსულტის მქონე პაციენტების 5%-ს შეადგენს და მაღალია დადებითი გამოსავალი. შედეგად, ევროპის ინსულტის ორგანიზაციამ (ESO) კლინიკის მწვავე სისხლძარღვოვან განყოფილებას ოქროს ხარისხის სიგელი მიანიჭა. ESO-მ გადაწყვეტილება თითოეული პაციენტის მონაცემების განხილვის შედეგად მიიღო.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური სამსახურის წარმატება სწორედ მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის, ულტრათანამედროვე აპარატურისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების შედეგია. აღნიშნული მიმართულებით პაციენტების მკურნალობაში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც ნევროლოგები, ნეიროქირურგები ანგიოქირურგები და კარდიოლოგები ერთიანდებიან. რთული სამედიცინო შემთხვევები კი განიხილება ევექსი ჰოსპიტლების ნევროლოგია-ნეიროქირურგიის კლინიკური ბორდის მიერ, რომელსაც გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგი, ქალაქ ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაზა ქაცარავა ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი ერთად განაპირობებს განყოფილების წარმატებას და დადებით გამოსავალს ინსულტის მქონე პაციენტებში.