28 April, 2021

მოულოდნელად დასმული სიმსივნის დიაგნოზი და რწმენა, რომელმაც პაციენტი გადაარჩინა

მოულოდნელად დასმული სიმსივნის დიაგნოზი და რწმენა, რომელმაც პაციენტი გადაარჩინა

„წამი წამზე, წუთი წუთზე გადიოდა. სმენა მეხშობოდა და ექიმის საუბრისგან ჩემამდე არც ერთი სიტყვა აღწევდა. მთელი საათი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი ნამდვილად ჩემს თავს ხდებოდა,“ - ასე იხსენებს კლინიკაში რიგით შემოწმებაზე მისული სოფიო დღეს, რომელმაც მისი ახალი რეალობა განსაზღვრა. ამბობს, რომ სიტუაციის აღქმა გაუჭირდა და დასახმარებლად ღმერთს მიმართა. ჰოსპიტლიდან ეკლესიაში წასულმა იმ დღესვე გადაწყვიტა, სახლში რწმენითა და იმედით დაბრუნებულიყო.


42 წლის სოფიოს საშვილონოს ყელის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის დიაგნოზი ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში დაუსვეს. სათანადო გამოკვლევების შემდგომ ექიმებმა  მკურნალობის ტაქტიკა (ოპერაცია, ქიმიო-სხივური თერაპია) განსაზღვრეს. მკურნალობის სრულ კურსს გეგმავდა და მონიტორირებას უწევდა ჰოსპიტლის მულტიდისციპლინური გუნდი აკაკი ჩიხლაძისა და მარიამ კუხალაშვილის ხელმძღვანელობით.

„სოფიოს მკურნალობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ექიმები სხივური თერაპიისა და ონკოლოგიის განყოფილებიდან. ტაქტიკა განვიხილეთ უცხოელ კოლეგებთან ერთადაც, რაც ჩვენს კლინიკაში მიღებული პრაქტიკაა. სოფიოს მკურნალობის ეფექტურობა სწორად დასახულმა გეგმამ, გართულებების მონიტორინგმა და პაციენტის ფსიქოლოგიურმა მხარდაჭერამ განაპირობა. ის დღეს ჩვენი გუნდის წევრია და უფრო მეტი წარმატებისთვის ემზადება,“ -  ამბობს მარიამ კუხალაშვილი.


სოფიო ამჟამად გინეკოლოგისა და ონკოლოგის დაკვირვების ქვეშ არის და თავს ძალიან კარგად გრძნობს. მას საკონტროლო გამოკვლევები პერიოდულად უტარდება და, რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს დაავადების პროგრესირების ნიშნები. მეტიც, ჯანმრთელობის გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ ახალგაზრდა პაციენტს მისცა შესაძლებლობა, ევექსის ქსელში დასაქმებულიყო. დღეს სოფიო ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სანიტრის პოზიციას იკავებს და ექთნობისთვის ემზადება.