19 October, 2022

მძლავრი ნეონატოლოგიური სამსახური ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

მძლავრი ნეონატოლოგიური სამსახური ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეონატოლოგიური სამსახური 0-დან 28 დღემდე ასაკის პაციენტებს 24 საათიან სტაციონარულ მომსახურებას სთავაზობს. კლინიკაში ახალშობილთა კრიტიკული მოვლის განყოფილება ფუნქციონირებს მესამე დონის სამშობიარო სამსახურთან ერთად, რაც ნეონატოლოგების მიერ, გართულებული ორსულობისა ან ნაადრევი მშობიარობის დროს, რისკის ქვეშ მყოფი ახალშობილის დროულ მართვასა და საჭირო დახმარების აღმოჩენას გულისხმობს.

განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების გადაუდებელი მართვა:

  • მცირე მასის ახალშობილი;
  • დაბალი გესტაციური ასაკის (ორსულობის ასაკი) ახალშობილი;
  • სასუნთქი, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, შარდ-სასქესო სისტემებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
  • განვითარების თანდაყოლილი მანკები (მაგ., დიაფრაგმის თიაქარი, საყლაპავის ატრეზია);
  • ახალშობილთა ინფექციები;
  • კვებითი დარღვევები და ა.შ

დიაგნოსტიკისთვის კლინიკაში გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის მეთოდები, როგორიცაა:

  • ნეიროსონოგრაფია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • მუცლის ღრუსა და საშარდე სისტემის ექოსკოპიური კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კონტრასტული კვლევა.

მკურნალობა, თითოეული პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით ხორციელდება. ამასთან, ყურადღებას იპყრობს ნეიროქირურგიული პროფილის ოპერაციები, რომლებიც კლინიკაში მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე მიდგომით ტარდება. მულტიპროფილური გუნდი კი პაციენტის მართვაში ნებისმიერი საჭირო სპეციალისტის ჩართულობას უზრუნველყოფს.

 ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეონატოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე გუნდით, რომელიც ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ეცნობა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. გუნდის ხელმძღვანელი კი ნეონატოლოგი, თამარ მიჩიტაშვილია, რომელსაც სფეროში მოღვაწეობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს.