03 December, 2021

მძლავრი ანგიოლოგიური სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში

მძლავრი ანგიოლოგიური სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში

კავკასიის მედიცინის ცენტრის სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის განყოფილება აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ბაზით და პაციენტებს ნებისმიერი სისხლძარღვოვანი დაავადებების დიაგნოსტიკასა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს სთავაზობს. დიაგნოსტიკისთვის ჰოსპიტალში ინოვაციური გამოკვლევის მეთოდები გამოიყენება, როგორც არტერიული, ისე ვენური სისტემის შესაფასებლად:

  • ქვემო კიდურების დუპლექს-სონოგრაფია
  • გოჯ-მხარის ინდექსის განსაზღვა
  • სუბტრაქციული ანგიოგრაფია
  • კომპიუტერული ტომოგრაფია

ყურადსაღებია, რომ სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის  განყოფილებას აქვს სპეციალური პროგრამები, რომლითაც კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემების ზუსტი და სწრაფი დამუშავება ხორციელდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვავე პაციენტის მართვისთვის (აორტის ანევრიზმის გასკდომა, განშრევება, თრომბოზი და ემბოლია), როდესაც ყოველი წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყურადღებას იპყრობს ჰოსპიტალში აორტის სტენტგრაფტების მარაგი, რომელიც მწვავე პაციენტის (აორტის დისექცია, აორტის გამსკდარი ანევრიზმა) გადარჩენის საფუძველს წარმოადგენს, განსაკუთრებით პოლიტრავმების დროს, როდესაც ღია ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია მაღალი ლეტალური გამოსავლის გამო.

სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის სერვისები:

  • ათეროსკლეროზით გამოწვეული პერიფერიული სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობა
  • სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის (წარმოშობის) ტროფიკული წყლულების მკურნალობა
  • დიაბეტური ტერფის დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე (მინიინვაზიური) მეთოდები
  • მაგისტრალური სისხლძარღვების ანევრიზმების ქირურგიული და ენდოვასკულური მკურნალობა
  • საძილე არტერიების შევიწროებით გამოწვეული ინსულტის მართვა
  • ღრმა და ზედაპირული ვენების დიაგნოსტიკა, თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების გამოვლენა, მკურნალობა
  • ენდოვენური (უსისხლო) ოპერაციები (რადიოაბლაცია) ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ვენური ტროფიკული წყლულების დროს
  • მინიფლებექტომია და ვარიკოზული წვრილი კაპილარული ქსელის სკლეროთერაპია

კლინიკას გააჩნია თანამედროვე და მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აპრობირებული ერთჯერადად გამოსაყენებელი მასალის, სპეციალური წამლით დაფარული სტენტისა და ბალონის მარაგი, რამაც ბოლო პერიოდში მკურნალობის გამოსავალი უფრო წარმატებული და კეთილსაიმედო გახადა.