25 October, 2022

მაჯის არხის სინდრომის ქირურგიული მკურნალობა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში

მაჯის არხის  სინდრომის ქირურგიული მკურნალობა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიულ სამსახურში წარმატებით ხორციელდება ზედა კიდურის კომპრესიული ნეიროპათიის - მაჯის (კარპარული) არხის სინდრომის ქირურგიული მკურნალობა.

მაჯის გვირაბის სინდრომი წარმოიქმნება შუათანა ნერვის ანატომიურად ვიწრო გვირაბში კომპრესიით (მოჭყლეტვით, ზეწოლით სხივ-მაჯის სახსრის ლოკალიზაციაზე). აღნიშნული სინდრომი ხშირია 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში (როცა ორგანიზმში იწყება ჰორმონალური ძვრები), იმ პირებში, რომლებიც ხანგრძლივად მუშაობენ კომპიუტერთან და რეგიონში მცხოვრები შუა ხნის ასაკის ქალებისთვის (მაგ., ვინც დაკავებულია მეცხოველეობით).

მაჯის არასწორი მოძრაობის გამო უხეშდება იოგი და ხდება შუათანა ნერვის მიჭყლეტა, რაც იწვევს დაბუჟებასა და ტკივილს ხელის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 თითებზე (შემდგომ, ტკივილი ვითარდება მოძრაობისას). მოგვიანებით, ამ ჩივილებს ღამის საათებში თითებში (ნეკა თითის გარდა) დენის დარტყმის შეგრძნება ემატება, ასევე ტკივილი, რომელიც არ ექვემდებარება ტკივილგამაყუჩებელ თერაპიას. დროული ჩარევის გარეშე შესაძლოა თანდათან განვითარდეს ძალის შესუსტება, შემდგომში, მძიმე დაზიანების დროს - მგრძნობელობის ძლიერი დაქვეითება და ასევე შესაძლებელია, პაციენტს სრულიად გაუქრეს მსუბუქი შეხების შეგრძნება.

მაჯის არხის გვირაბის სინდრომის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ნერვის გამტარიანობის გამოკვლევა, რისთვისაც კლინიკაში ხორციელდება დიაგნოსტიკური პროცედურა - ელექტრონეირომიოგრაფია.

ექიმთან ვიზიტის პირველი მიზეზი ტკივილის არსებობაა, რომელთან გამკლავება პაციენტებს დამოუკიდებლად უჭირთ ან არ შეუძლიათ. დაავადების სირთულისა და გამომწვევი ფაქტორების გათვალისწინებით ხორციელდება ან კონსერვატიული (ტკივილ გამაყუჩებლები + ფიზიოთერაპია, სახსრის იმობილიზაცია სპეციალური პროტეზის საშუალებით), ან ქირურგიული მკურნალობა. თუ კონსერვატიული მკურნალობა უეფექტოა, ინიშნება ოპერაცია. ასევე, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების აუცილებელი პირობაა დიაგნოსტიკის შედეგებისა და ნევროლოგიური სიმპტომატიკის კორელაცია.

ოპერაციის დროს სხივ-მაჯის საპროექციო არეზე კეთდება 2 სმ-იანი განაკვეთი და ადგილობრივი გაუტკივარებით ხორციელდება შუათანა ნერვის დეკომპრესია (მიჭყლეტილი, ჩაჭედილი ნერვის გათავისუფლება). პაციენტი ოპერაციის დღესვე ეწერება კლინიკიდან, პოსტოპერაციულ პერიოდში კი საჭიროებს სპეციალური ნახვევისა და სხივ-მაჯის სახსრის ფიქსატორის ტარებას, ხოლო  ჭრილობის შეხორცების შემდეგ - სპეციალური ვარჯიშებისა და ფიზიოთერაპიის ჩატარებას.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე ექიმების გუნდით. კლინიკაში აღნიშნულ ქირურგიულ მკურნალობას ახორციელებენ მოწვეული ნეიროქირურგები: ბაქარ აბდალაძე და ფრიდონ დევდარიანი და ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, იაგო ცერცვაძე.