20 December, 2019

ლაშა აფრიაშვილი - სარეზიდენტო პროგრამა „ანესთეზიოლოგია-რენიმატოლოგია“

ლაშა აფრიაშვილი - სარეზიდენტო პროგრამა „ანესთეზიოლოგია-რენიმატოლოგია“
გაიცანით, ყველაზე მაღლი შეფასების მქონე რეზიდენტი ლაშა აფრიაშვილი რომელიც ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგიის პრაქტიკას ისრაელში გაივლის:


- სამედიცინო სფეროში ყოველ წამს შეიძლება მოხდეს რაღაც ისეთი, რაც მეხსიერებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს: ანესთეზიაზე 60 წლამდე პაციენტს გული გაუჩერდა. გულის ამუშავების პროცესში მთელი კლინიკა ჩაერთო. პროტოკოლით გათვალისწინებული 40 წუთის გასვლის შემდეგ ყველამ ფარ-ხმალი დაკარგა... დამწყები ვიყავი, არ ვნებდებოდი და სამყაროსგან სასწაულს ველოდი. ასეც მოხდა: პულსაცია აღდგა, გულმა ფეთქვა დაიწყო!

არაერთხელ დამისვამს კითხვა საკუთარი თავისთვის: ვის უნდა ვუმადლოდე ემოციების ამ დაუსრულებელ ტალღას?! შეგრძნებას, რომ ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურება?! ოჯახი, სკოლა, გარემო ფაქტორები... ზემოქმედების დანახვა ყველა ასპექტში შეიძლება, თუმცა, ალბათ, მაინც ბაბუას მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მედიცინისადმი ჩემს დაინტერესებაში.

როგორც სხვა ყველამ, მეც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლისას პრაქტიკული საქმიანობით გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოვხვდი. რთულ და მძიმე შემთხვევებზე მუშაობამ სწორედ აქ დამაინტერესა. ვითხოვდი ყველაზე დატვირთულ სამუშაოს და მიმართულებას, რომელიც პაციენტების ხანგრძლივ მკურნალობას და მეთვალყურეობას გულისხმობდა. სწორედ ასეთ სფეროდ მივიჩნიე ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია და ჩემი სუბიექტური მოსაზრებით საქართველოში საუკეთესო სარეზიდენტო პროგრამაზე ჩავაბარე.

ევექსის რეზიდენტურის პროგრამის შიდა გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და 100%-იანი დაფინანსება მოვიპოვე. კიდევ უფრო მეტად გამახარა ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელთან, ზურაბ გურულთან საქმიანმა ურთიერთობამ, მისი გამოცდილების გაზიარებამ და მოდულების ხელმძღვანელების აქტიურმა ჩართულობამ თითოეული რეზიდენტის სწავლების პროცესში. ქალბატონ მაკა თევზაძესთან ურთიერთობამ მედიცინის ახლებური ხედვა დამანახა და საკუთარ თავში მაპოვნინა ის ძალა, რომ ბავშვებთანაც მემუშავა. ახლა მ. იაშვილის სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში ვმუშაობ და ვამაყობ, რომ პატარების ჯანმრთელად გაზრდაში შემაქვს საკუთარი წვლილი.

დიახ, ჩემი არჩევანი სწორი აღმოჩნდა - გამიმართლა ყველგან და ყველაფერში. ჩემი პროფესია ჩემი სიყვარულია და, პირიქით.