
კრისტინა კილი ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ასოცირებული პროფესორია, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რადიაციულ ონკოლოგად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს.
მან განათლება მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა. რეზიდენტურა ამავე უნივერსიტეტში, შინაგანი მედიცინის მიმართულებით გაიარა და კვალიფიკაცია მასაჩუსეტსის ჰოსპიტალში სხივური მედიცინის კუთხით აიმაღლა. მოგვიანებით პრაქტიკული სწავლება ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში განაგრძო.
მისი ამჟამინდელი საქმიანობა ჩიკაგოს რაშის უნივერსიტეტის რადიაციულ განყოფილებას უკავშირდება. ის გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების რადიაციული ონკოლოგიის ექსპერტთა საბჭოს წევრი და ამერიკის ნაციონალური სიმსივნის ორგანიზაციაში (NCCN) რადიაციული მიმართულების კონსულტანტი. 2005 წელს კრისტინა კილი ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონსულტანტი იყო.
პროფესორი კრისტინა კილი ჩართულია საგანმანათლებლო პროცესში და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში რადიაციულ ონკოლოგიას ასწავლის.
კრისტინა კილი 62 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და არაერთი წამყვანი სამედიცინო ასოციაციის წევრია:
- აშშ-ს რადიაციული თერაპიისა და ონკოლოგიის ასოციაცია
- აშშ-ს კლინიკური ონკოლოგიის ასოციაცია
- აშშ-ს სამედიცინო ასოციაცია
- აშშ-ს ქალთა სამედიცინო ასოციაცია
- ილინოისის რადიაციული ასოციაცია
- ევროპის რადიაციული თერაპიისა და ონკოლოგიის ასოციაცია
- აშშ-ს ძუძუს დაავადებების შემსწავლელი ასოციაცია
- აშშ-ს ბრაქითერაპიის ასოციაცია
- თერმული მედიცინის ასოციაცია
მას პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალი ჯილდო აქვს მიღებული როგორც საექიმო, ასევე - სამეცნიერო მიმართულებით.
კრისტინა კილი ონკოლოგიის ცენტრთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს და აქტიურად არის ჩართული მის კლინიკურ განვითარებაში. ქართველ კოლეგებთან ერთად ახორციელებს საექიმო საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში, ასევე წელიწადში რამდენჯერმე ახორციელებს გეგმიურ ვიზიტებს და ადგილზე გეგმავს პაციენტებთან კონსულტაციას.
კლინიკური მიმართულების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ონკოლოგიის ცენტრს კრისტინა კილის სახელი მიენიჭა.