08 September, 2021

კრისტინა კილის სახელობის განახლებული ონკოლოგიის ცენტრი

კრისტინა კილის სახელობის განახლებული ონკოლოგიის ცენტრი
ქვეყნის ერთ-ერთი მძლავრი ჰოსპიტალი, სადაც სრული ონკოლოგიური სერვისის მიწოდებაა შესაძლებელი, ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული ონკოლოგის, კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის სახელით განაგრძობს ფუნქციონირებას.

ონკოლოგიის ცენტრის სახელის ცვლილება პროფესორ კილის აქტიურ სამედიცინო საქმიანობას უკავშირდება. პროფესორი ქუთაისს წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს და პირადად ხვდება პაციენტებს, რომლებიც სხივური თერაპიის კურსს გადიან. ასევე, ქართველ კოლეგებთან ერთად, თითოეული პაციენტის მკურნალობის საკითხს ყოველდღიურად დისტანციურ რეჟიმში განიხილავს და ადგილობრივ ექიმებს საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებს.

კრისტინა კილის აშშ-ში რადიაციულ ონკოლოგად მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ამერიკის რადიაციულ ონკოლოგთა ექსპერტთა გუნდის წევრია, რომელიც აშშ-ს მთავრობას ახალი ონკოლოგიური პროტოკოლების დანერგვაში ეხმარება. ამასთან, კრისტინა კილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

აღსანიშნავია, რომ კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი დაკომპლექტებულია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გუნდით, რომელიც პაციენტებს მკურნალობას უახლესი კლინიკური მიდგომებითა და გაიდლაინებით სთავაზობს. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კურსს დანიაში მოღვაწე ონკოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძე ზედამხედველობს. ასევე, დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტებთან, ამერიკელ და ევროპელ ექიმებთან ერთად ჩიკაგოში მოღვაწე, რადიაციული თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი, გოჩა ხელაშვილი თანამშრომლობს, ვისი ხელმძღვანელობითაც პაციენტების სამკურნალო გეგმა სრულ დოზიმეტრულ შემოწმებას (სამედიცინო ამჩქარებლის მუშაობის სიზუსტისა და პაციენტისთვის განკუთვნილი დასხივების კორექტული დოზის შერჩევა) გადის.

ცენტრში სხივური თერაპიით მკურნალობა უახლესი აპარატით, Varian-ის (ვარიანი) ფირმის TrueBeam-ით (თრუბიმი) ხორციელდება. მკურნალობის შემდეგ მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და საკონტროლო დიაგნოსტიკური კვლევები, რაც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, სწორად შეაფასონ გამოჯანმრთელების პროცესი.

ყურადსაღებია, რომ კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ქსელის ონკოლოგია-ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოსთან, რომელიც საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებულ ქართველ ექიმებს აერთიანებს და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, რთული სამედიცინო შემთხვევების განხილვასა და უახლესი პროტოკოლების შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრას უზრუნველყოფს.