27 November, 2020

კლინიკური ხარისხის გაძლიერების მუდმივი პროცესი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს ემსახურება

კლინიკური ხარისხის გაძლიერების მუდმივი პროცესი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს ემსახურება
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი ევექსი ჰოსპიტლების ის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პანდემიის დაწყებისთანავე ერთ-ერთი პირველი ჩაერთო სახელმწიფოს მხარდასაჭერ კამპანიაში და კოვიდ-ინფიცირებულების სამართავად საწოლფონდი ჯერ კიდევ მაისში გამოყო. კლინიკა კოვიდ-დადებითი პაციენტების მკურნალობაში ამ დრომდე აქტიურად არის ჩართული და ამ მხრივ რეგიონში ძლიერ დასაყრდენ ბაზას წარმოადგენს. შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კლინიკურ ხარისხს, რომლის მუდმივ გაუმჯობესებასაც ჰოსპიტლის ხარისხის გუნდი უზრუნველყოფს.

ევექსის ჰოსპიტალური ქსელი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაძლიერებას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. სწორედ ამ მიზნით 2015 წელს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ხარისხის სამსახური შეიქმნა და დაკომპლექტდა გუნდი, რომელსაც მიხეილ შავგულიძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ყველაზე რთული გამოწვევა გლობალური პანდემია აღმოჩნდა, რის გამოც თითქმის სრულად გახდა საჭირო ფორმატის შეცვლა და ახალ რეალობაში მუშაობა.

„ჩვენი ჰოსპიტალი კოვიდ-ცენტრად პირველად მაისში გადაკეთდა. სიტუაციის დარეგულირების ფონზე კი მოგვიანებით ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდით. სექტემბრიდან ჰიბრიდული ჰოსპიტლის, ოქტომბრიდან კი კვლავ კოვიდ-კლინიკის სტატუსი მივიღეთ. ყველა ეს ცვლილება სტრუქტურის, არქიტექტურისა და სტანდარტების რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვდა. აქტიურ რეჟიმში ხორციელდებოდა თანამშრომლების გადამზადებაც. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვქონდა ჰოსპიტალური ქსელის ეპიდემიოლოგიურ და კლინიკურ სამსახურებთან. ვფიქრობ, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს წარმატებით ვართმევთ თავს და ეს ყველაფერი კლინიკური თუ მომსახურების ხარისხის მუდმივი გაძლიერების დამსახურებაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ჰოსპიტლის მიზანია არა მხოლოდ ზრუნვა ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, არამედ პაციენტების კმაყოფილების განსაზღვრა და უკუკავშირის მოსმენა მათი მხრიდან. სწორედ ამ საქმეს უძღვება სპეციალური სამსახური, რათა შესაძლო უკმაყოფილება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ჩვენ ზედმიწევნით ვადევნებთ თვალ-ყურს კლინიკური ხარისხის ინდიკატორებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ჰოსპიტლისა და მთელი ქსელის საქმიანობის განმსაზღვრელია.

აღსანიშნავია ერთწლიანი მუშაობის შედეგი, რომელიც ევექსის ჰოსპიტალური ქსელის ხარისხის სამსახურის, სამედიცინო ექსპერტთა საბჭოებისა და ხარისხის ლოკალური გუნდების თანამშრომლობით იქნა მიღწეული. ინტენსიური შეხვედრები, დისტანციური კომუნიკაცია და დაუღალავი შრომა ხომ საერთო მიზანს ემსახურება, რასაც, საბოლოო ჯამში, პაციენტის უსაფთხოება და კმაყოფილება ეწოდება.“