
- რას მოიცავს კორონარული არტერიების დაავადება?
კორონარული არტერიების დაავადება (კად) პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის განვითარებაც შესაძლოა ახალგაზრდა ასაკში დაიწყოს, გამოვლინება კი, როგორც წესი, შუახნის ასაკის შემდეგ ხდება.
ათეროსკლეროზული ცვლილებები ვითარდება გულის მკვებავი არტერიების კედლებში, სადაც ქოლესტეროლის ფოლაქი ფორმირდება, საბოლოოდ კი ვიღებთ სისხლძარღვის სანათურის მნიშვნელოვან შევიწროებას, ქრონიკულ ან მწვავე დახშობას, რასაც მივყავართ გულის კუნთთან სისხლის მიდინების შეწყვეტა/შეფერხებამდე. რადგანაც, გულის კუნთის სისხლმომარაგება აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ გულმა მასზე დაკისრებული ფუნქციები შეასრულოს, ხოლო როცა გულს არ მიეწოდება შესაბამისი რაოდენობის სისხლი, პაციენტს აღენიშნება ტკივილი გულმკერდში (სტენოკარდია), ადვილად დაღლა, ქოშინი, ოფლდენა... კორონარული არტერიების დაავადების გამწვავება შესაძლოა მიოკარდიუმის (გულის კუნთის) მწვავე ინფარქტით დასრულდეს, ზოგ შემთხვევაში კი, უეცარი კარდიული სიკვდილის მიზეზი გახდეს.
- რა იწვევს კორონარული არტერიების დაავადების განვითარებას?
არსებობს კორონარული დაავადების ძირითადი რისკ-ფაქტორების ორი ჯგუფი: მოდიფიცირებადი (შექცევადი) და არამოდიფიცირებადი (რომლის შეცვლაც ვერ ხდება)
მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები:
- მაღალი არტერიული წნევა;
- სისხლში ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა;
- მწეველობა;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ჭარბი წონა, სიმსუქნე;
- ცხოვრების ჰიპოდინამიური წესი;
- არაჯანსაღი კვება;
- სტრესი;
არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები:
- ასაკი (ასაკის მატებასთან ერთად რისკი იზრდება);
- სქესი (კაცებს აქვთ კად-ის განვითარების შედარებით მაღალი რისკი);
- მემკვიდრული წინასწარგანყობა;
- რასა;
- როგორ დავიცვათ თავი კორონარული არტერიების დაავადების განვითარებისაგან?
- ჯანსაღი კვება
ეცადეთ თქვენი კვების რეჟიმი შეიცავდეს: ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს, პარკოსნებს, თხილეულს. კვირაში ორჯერ რეკომენდებულია თევზი.
დღიურად მარილის მიღება არ უნდა აღემატებოდეს 5 გრამს. „წითელი“ ხორცი უნდა შეზღუდოთ კვირაში 350-500 გრამამდე. მინიმუმამდე დავიყვანოთ ძეხვეულის მოხმარება. უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის, შაქრის, ტკბილი წვენებისა და პურ-ფუნთუშეულის გამოყენება.
- წონის კონტროლი
ჭარბწონიანებთან და სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებთან წონის კლება მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დავადების განვითარების რისკს.
- სტრესი
სტრესი ერთ-ერთი მძლავრი რისკ-ფაქტორია გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების პათოგენეზში. რეკომენდებულია პაციენტი მაქსიმალურად მოერიდოს სტრესულ გარემოს.
- მოწევის შეწყვეტა
მწეველს კორონარული არტერიების დაავადების განვითარების ალბათობა 2-3ჯერ მეტი აქვს არამწეველთან შედარებით. მოწევის შეწყვეტით მნიშვნელოვნად მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი.
- ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა
40 წელს გადაცილებულ ყველა პირთან რეკომენდებულია შეფასდეს ლიპიდური პროფილი. მრავალგზის დამტკიცებული ფაქტია, რომ რაც მაღალია სისხლში ქოლესტეროლის შემცველობა, მით მეტია კად-ის განვითარების ალბათობა.
- მაღალი არტერიული წნევა
არტერიული ჰიპერტენზია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დადგენილია, რომ არტერიული წნევის მცირედ მატებაც კი (მაღალი ნორმული მაჩვენებელი სისტოლა 130-139მმ.ვწყ.სვ. დიასტოლა 85-89მმ.ვწყ.სვ.) აორმაგებს კად-ის განვითარების რისკს.
- შაქრიანი დიაბეტი
დიაბეტის მქონე პაციენტებს 2-8 -ჯერ მაღალი აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი, შედარებით იმავე ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებთან რომელთაც დიაბეტი არ აქვთ. სისხლში გლუკოზის დონის ადეკვატური მართვით მნიშვნელვნად მცირდება კად-ის განვითარება და პროგრესირება.
- ცხოვრების ჰიპოდინამიური წესი
დადასტურებულია, რომ კვირაში ჯამურად 300 წუთამდე სეირნობა 30%-ით ამცირებს კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს მომდევნო 3.5 წლის მანძილზე. ასევე რომ ეკრანთან გატარებული დრო უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე და ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადების განვითარების შესაძლებლობას.