14 April, 2021

ივ. ბოკერიას ჰოსპიტლის კათეტერიზაციის ლაბორატორია მთლიანად პაციენტის ინტერესებზეა მორგებული

ივ. ბოკერიას ჰოსპიტლის კათეტერიზაციის ლაბორატორია მთლიანად პაციენტის ინტერესებზეა მორგებული
გულის იშემიური დაავადებების მქონე პაციენტებს ივ. ბოკერიას ჰოსპიტლის მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი კათეტერიზაციის ლაბორატორია 24 საათიან რეჟიმში სთავაზობს პაციენტებს გულის მკვებავი არტერიების დაავადებების სრულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, რაც თანამედროვე პროტოკოლების და გზამკვლევების მიხედვით ხორციელდება.


კათეტერაზაციის ლაბორატორია თანამედროვე კარდიოლოგიური სამსახურის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს, სადაც გულის არტერიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება. სწორედ პაციენტის ინტერესებზეა მორგებული კათეტერიზაციის ლაბორატორიის მაღალპროფესიონალური გუნდი, უსაფრთხო გარემო, მაღალი ხარისხის ევროპული და ამერიკული სამუშაო მასალები.


ჰოსპიტლის კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებას და მკურნალობას:

  • კორონაროგრაფია
  • აორტოგრაფია
  • ვენტრიკულოგრაფია
  • შუნტოგრაფია
  • კორონარული ანგიოპლასტიკა
  • სტენტირება

და ისეთი სირთულის პროცედურები, როგორიცაა მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტის შემთხვევაში გადაუდებელი სტენტირება, ღეროს სტენტირება, ბიფურკაციული სტენტირება, კორონარული შუნტის სტენტირება, ქრონიკული ოკლუზიების რევასკულარიზაცია და სტენტირება, სრული რევასკულარიზაცია და სხვა.


რა არის კორონაროგრაფია?
კორონარული ანგიოგრაფია ანუ კორონაროგრაფია - გულის მკვებავი არტერიების დაზიანებით მიმდინარე დაავადებების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტია. პროცედურა ტარდება კათეტრიზაციის ლაბორატორიაში, მაღალტექნოლოგიური რენტგენოსკოპის გამოყენებით, რომლის დროსაც ადგილობრივი ანესთეზიით სხივის არტერიიდან ხდება კორონარული არტერიების ვიზუალიზაცია, რათა დადგინდეს გულის მკვებავი (გვირგვინოვანი) არტერიების დაზიანების ხარისხი, შევიწროების ადგილი და ხასიათი. რის შემდეგაც განისაზღვრება მკურნალობის ოპტიმალური მეთოდი - მედიკამენტური მკურნალობა, კორონარული სტენტირება ან კორონარული შუნტირება.


რა შემთხვევაში ტარდება სტენტირება?
კორონაროგრაფიული კვლევით დიაგნოსტირებული გულის მკვებავი არტერიების მკვეთრი შევიწროების, ან სრული დახშობის შემთხვევაში ტარდება სტენტირება, როდესაც შევიწროებული უბნის გაშლა ხდება მეტალის კარკასის იმპლანტაციით, რაც უზრუნველყოფს არტერიის გამავლობის აღდგენას და შენარჩუნებას.


უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო დროულად მოხდება შევიწროებული, ან დაკეტილი გულის მკვებავი არტერიის გახსნა და გაფართოება, მით უფრო ნაკლებად დაზიანდება გულის კუნთი, რაც პირდაპირპროპორციულად ამცირებს მიოკარდიუმის ინფაქტთან ასოცირებული გართულებების რისკს, აუმჯობესებს გამოსავალსა და პროგნოზს.