15 July, 2022

ინსულტის შეჩერება შესაძლებელია - 72 წლის ქალის განკურნების ისტორია

ინსულტის შეჩერება შესაძლებელია - 72 წლის ქალის განკურნების ისტორია

ინსულტის მწვავე შედეგების თავიდან არიდება და დაავადების მკურნალობა შესაძლებელია - ზაირა ჯოლოხავას ისტორია ამის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. 72 წლის ქალს მოულოდნელად მოძრაობის შეზღუდვა, ცნობიერების დაქვეითება და ზოგადი სისუსტე აღენიშნა. ოჯახის წევრებმა ვითარება უჩვეულოდ მიიჩნიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოიძახეს.

პაციენტის შვილი იხსენებს, რომ უცნაური სიმპტომები ძალიან სწრაფად პროგრესირებდა. გამოხატული იყო სახის ასიმეტრია, მეტყველების მოშლა და მოძრაობის შეზღუდვა მარჯვენა კიდურებში. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ნევროლოგების გუნდმა მაშინათვე გადაწყვიტა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება ანგიორეჟიმში. გამოკვლევამ მწვავე იშემიური ინსულტი დაადასტურა.

პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ ექიმების გუნდმა (მარინე თოდუა, ლაშა გრიგოლია, სულხან ორჟონია) ევექსის ქსელში შემავალი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრიდან ნეიროქირურგი, იაკობ ცერცვაძე გამოიძახა, რომელმაც წარმატებით განახორციელა მექანიკური თრომბექსტრაქციის პროცედურა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროცედურა ინსულტის ნიშნების განვითარებიდან პირველ 6 საათში ხორციელდება. სწორ დროს, სწორ ადგილას მოხვედრამ და დროულმა ჰოსპიტალიზაციამ პაციენტის სისოცხლე იხსნა. ზაირა ჯოლოხავა იხსენებს, რომ ცნობიერებას სამი დღის შემდეგ დაუბრუნდა და მის თავს გადამხდარი ისტორია თითქოს უსიამოვნო სიზმრად იქცა. დღეს ქალი თავს ჯანმრთელად გრძნობს და მას არ აღენიშნება არანაირი ნევროლოგიური დეფიციტი.