
58 წლის მაია რობაქიძის გადარჩენის ისტორია სტანდარტულად იწყება - ერთ „მშვენიერ“ დღეს, მოულოდნელად აღმოცენებულმა სიმპტომებმა მის ოჯახში დაბნეულობა გამოიწვია: აფორიაქებული და არაადექვატური გახდა, გაუძნელდა მეტყველება, შეეზღუდა მოძრაობა მარჯვენა კიდურებში... ოჯახის წევრებმა ქალი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, თვითდინებით შეიყვანეს.
ნევროლოგები თამარ ჯანელიძე და გიორგი გიორგიძე იხსენებენ, რომ კლინიკურად გამოხატული იყო მარჯვენამხრივი პლეგია ქვედა კიდურში,ღრმა პარეზი ზედა კიდურში, მარჯვენამხრივი მოძრაობის შეზღუდვა დასენსო-მოტორულიაფაზია, რაც გულისხმობს მეტყველების უნარის დაქვეითებას. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიულ რეჟიმში, რომლის შედეგების მიხედვითაც დაისვა დიაგნოზი - იშემიური ინსულტი გამოწვეული ცერებრალური არტერიების თრომბოზით.
ექიმების გუნდმა თრომბექსტრაქციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რაც გულისხმობს თრომბის დაშლას მინიმალური ინვაზიური ჩარევით. პროცედურა ნეიროქირურგმა იაგო ცერცვაძემ წარმატებით განახორციელა. შედეგად, პაციენტს აღუდგა დაკარგული ფუნქციები და გაუმჯობესდა ცნობიერების დონე.
მაია რობაქიძეს გაუმართლა, რომ მოხვდა ჰოსპიტალში, სადაც ინსულტის მართვის ერთეული მოქმედებს და მისი სპეციალიზებული მკურნალობა ხორციელდება. დღეს ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ყოველგვარი ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე დაუბრუნდა.