12 April, 2022

ინსულტი ახალგაზრდა ასაკში | 37 წლის მამაკაცის გადარჩენის ისტორია

ინსულტი ახალგაზრდა ასაკში | 37 წლის მამაკაცის გადარჩენის ისტორია
„ტკივილის მნიშვნელობა არც კი ვიცოდი. თავს ერთ-ერთ ყველაზე ჯანმრთელ ადამიანად მივიჩნევდი და, რომ არ მოგატყუოთ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ „მშვენიერ“ დღეს სრულიად საპირისპირო რეალობის წინაშე დავდგებოდი.“

ჩვენი პაციენტი იური ვაშაკიძეა, 37 წლის მამაკაცი, რომელსაც თავის ტვინის ინსულტი მოულოდნელად განუვითარდა. გაუმართლა, რომ ოჯახის წევრებმა დაავადების პირველივე ნიშნების ამოცნობა შეძლეს და დროული რეაგირება მოახდინეს.

„როგორც კი ცუდად გავხდი, მაშინათვე სახლში შევედი. მინდოდა, საშველად ვინმესთვის მეხმო, მაგრამ თითქოს ერთ წამში, ერთიანად დავკარგე აზროვნების, მეტყველებისა და გადაადგილების უნარი. ოჯახის წევრებმა მაშინათვე სასწრაფოში დარეკეს.“

ახალგაზრდა მამაკაცი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს, სადაც ინსულტის დაავადების სპეციალიზებული მკურნალობა ხორციელდება. პაციენტს ცნობიერების დაბინდვა, სენსო-მოტორული აფაზია (მეტყველების გაძნელება), სახის ასიმეტრია, დაბუჟება და მარჯვენა კიდურებში მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა აღენიშნებოდა. ნევროლოგმა თამარ ჯანელიძიმ და ნეიროქირურგმა იაგო ცერცვაძემ პაციენტი პროცედურისთვის სასწრაფოდ მოამზადეს. ჩატარდა თრომბოლიზური თერაპია, შემდეგ კი თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის მექანიკური თრომბოექსტრაქცია. შედეგად, პროცედურიდან რამდენიმე საათში პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

თრომბოლიზური თერაპია ინსულტის მკურნალობის დროს ოქროს სტანდარტად ითვლება და საუკეთესო შედეგებს განაპირობებს. მის გარეშე მაღალია ლეტალობისა და უნარშეზღუდულობის რისკი. როგორც თამარ ჯანელიძე განმარტავს, ამ შემთხვევაშიც ახალგაზრდა პაციენტის დადებითი გამოსავალი დიდწილად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მამაკაცი ინსულტის მართვის სპეციალიზებულ ჰოსპიტალში სიმპტომების აღმოცენებიდან პირველ 4 საათში შეიყვანეს. მით უმეტეს, რომ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ერთადერთია რეგიონში, რომელიც პაციენტებს ინსულტის მკურნალობას სრულ სერვისს სთავაზობს. სწორედ მკურნალობის მაღალი ხარისხის ფონზე მიანიჭა ევროპის ინსულტის ორგანიზაციამ (ESO) ჰოსპიტლის მწვავე სისხლძარღვოვან განყოფილებას ოქროს ხარისხის სიგელი.

დღეს, როგორც იური ვაშაკიძე ამბობს, ეს ყველაფერი ცუდ სიზმარს დაემსგავსა. ის კვლავინდებურად ჯანმრთელ და სრულყოფილ ადამიანად გრძნობს თავს და ბედნიერია, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას მოხვდა!