01 June, 2021

ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ბათუმელი მეზღვაური შორეულ ნაოსნობას დაუბრუნდა

ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ბათუმელი მეზღვაური შორეულ ნაოსნობას დაუბრუნდა
გიამბობთ მეზღვაურზე, რომელიც ბათუმში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ძირითადად შორეულ ნაოსნობაში მყოფმა 2017 წელს C ჰეპატიტზე ტესტის შედეგით შეიტყო, რომ ინფიცირებული იყო. მას მეოთხე სტადიის ციროზი და ღვიძლის ტერმინალური დაზიანება დაუდგინდა. შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მამაკაცის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ხდებოდა, ამიტომაც ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმებმა ღვიძლის ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილება მიიღეს.


„პაციენტის მდგომარეობა მართლა ყოველ დღე მძიმდებოდა. საბედნიეროდ, მას დონორი ძალიან მოკლე დროში გამოუჩნდა. სურვილი მისი ოჯახის წევრმა გამოთქვა და ტრანსპლანტაციისთვის მოვემზადეთ. ჩვენმა გუნდმა ბატონი კახა ქაშიბაძის ხელმძღვანელობით ოპერაცია წარმატებით დაასრულა. ქირურგიული ჩარევა 12 საათი გაგრძელდა და გართულებების გარეშე წარიმართა. სტაბილური იყო პოსტოპერაციული მიმდინარეობაც. პაციენტის მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუმჯობესდა და ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში საკმაოდ დროულად გაეწერა,“- იხსენებს მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი, ჰეპატოლოგი სოფიო ბერიძე.


თავად პაციენტი კი ყვება, რომ ექიმებს ღმერთის მოვლენილ ანგელოზებს ეძახდა: „მათ გადამარჩინეს როგორც ფიზიკურად, ასევე - მორალურად და ფინანსურადაც დამიდგნენ გვერდში. უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი ოჯახისგანაც. ღვიძლი სწორედ ჩემი ოჯახის წევრმა გაიღო ჩემთვის. ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაირა. მეტიც, მე მალე კვლავ ზღვას ვუბრუნდები,“- ამბობს კვლავ ჯანსაღი მეზღვაური, რომელსაც გემზე მორიგი თავგადასავლები ელის.