19 November, 2021

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 2014 წელს “Evex”-ის მხარდაჭერით დაინერგა და დღემდე წარმატებით ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია. მაღალკვალიფიციურმა მულტიპროფილურმა გუნდმა 71 ასეთი ოპერაცია შეასრულა დადებითი გამოსავლით. ღვიძლის გადანერგვა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ტარდება როგორც ბავშვებში (10კგ-ის ზევით), ასევე ზრდასრულ პაციენტებში.

რაც შეეხება დონორის ოპერაციის მიმდინარეობას, ამ ეტაპზე იგი ღია წესით ხორციელდება, თუმცა სამომავლოდ, ჯერ მარცხენა და შემდგომ მარჯვენა წილის დონაცია ლაპარასკოპიული მეთოდით იგეგმება.

ღვიძლის ტრანსპლანტაცია იწყება ორივე პაციენტზე ერთდროულად. დონორიდან ამოღებული ღვიძლის მარჯვენა ან მარცხენა წილის მობილიზებისა და ამოღების შემდეგ ხდება მისი გარეცხვა, სპეციალური ხსნარებით დამუშავება და მომზადება გადანერგვისთვის. მაშინ, როდესაც რეციპიტიენტიდან ორგანო მთლიანად იქნება ამოღებული , იწყება ოპერაციის მესამე ეტაპი, რაც გულისხმობს მომზადებული დონორის ღვიძლის ჩანერგვას, რომელიც ძირითადად სისხლძარღვოვან ოპერაციას წარმოადგენს - 5 ან 6 სისხლძარღვის შეერთებას, საბოლოოდ სანაღვლე გზების მიერთება მოსდევს და ამით სრულდება ოპერაცია. წარმატებული ტრანსპლანტაციის ერთ-ერთი საზომი ინტრაოპერაციულად (ოპერაციის მსვლელობისას) გამოყოფილი ნაღველია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც იგი გამოყოფას პოსტოპერაციულადაც იწყებს.

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ტრანსპლანტოლოგიის მაღალკვალიფიციური გუნდი დაკომპლექტებულია ქირურგიული და ანესთეზიოლოგიური განყოფილებების სპეციალისტებით. ანესთეზიოლოგი მერი ბერიძე მანიპულაციებს ასრულებს დონორთან, ხოლო თემურ პეშკოვი - რეციპიენტთან. სოფო ბერიძე მონაწილეობს პაციენტის წინასაოპერაციო მომზადებასა და შემდგომ პოსტოპერაციული მართვის პროცესში. ქირურგი მერაბ ნაკაშიძე მუშაობს დონორთან, ხოლო კობა შანავა - რეციპიენტთან, ტრანსპლანტოლოგი, კახაბერ ქაშიბაძე მონაწილეობს ოპერაციის ყველა ეტაპზე და ახორციელებს ორგანოს ჩანერგვას.

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ტრანსპლანტოლოგიის მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა და დღემდე წარმატებით ხელმძღვანელობს პროფესორი, კახაბერ ქაშიბაძე, რომელსაც განათლება მიღებული აქვს თურქეთისა და ინდოეთის ტრანსპლანტოლოგიის წამყვან უნივერსიტეტებში, ასევე იგი ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და ნერგავს ტრანსპლანტაციის თანამედროვე მეთოდებს.