23 March, 2023

განახლებული ჰემოდიალიზის განყოფილება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში

განახლებული ჰემოდიალიზის განყოფილება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის განახლებული და გარემონტებული  ჰემოდიალიზის განყოფილება პაციენტებს თირკმლის ქრონიკული დაავადებებისა და მწვავე უკმარისობის სამკურნალო ჩანაცვლებით თერაპიას სთავაზობს.

დიალიზი გამოიყენება ისეთ პაციენტებში, რომელთა თირკმლებიც სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ და კარგავენ ფილტრაციის უნარს, ხოლო პროცედურის დროს ორგანიზმიდან ჭარბი სითხისა და ნივთერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტების გამოყოფა ხელოვნური გზით ხორციელდება.

ჰემოდიალიზი გამოიყენება თირკმლის ქრონიკული დაავადებისა და მწვავე უკმარისობის არსებობისას, რომლებიც ვითარდება შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • პიელონეფრიტი;
  • გლომერულონეფრიტი;
  • პოლიკისტოზი;
  • შარდ-კენჭოვანი დაავადება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • მედიკამენტოზური, ქიმიური ინტოქსიკაციითა და ინფექციით გამოწვეული თირკმლის მწვავე უკმარისობა. (ნებისმიერი დაავადება შეიძლება თირკმლის მწვავე უკმარისობით გართულდეს).

ჰოსპიტალში აღნიშნული სამსახური 2009 წლიდან ფუნქციონირებს და წარმატებით ემსახურება სამეგრელოს, ზემო სვანეთისა და აფხაზეთის მოსახლეობას.
 

განახლებულ აპარატურასთან ერთად, მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის წყლის ფილტრაციის სისტემა - ოსმოსის აპარატი, რომლის საშუალებითაც ჰემოდიალიზის აპარატს მიეწოდება გაფილტრული, ულტრა სუფთა წყალი. სისტემა იწმინდება ქიმიურად და ხდება მისი პერიოდული ლაბორატორიული შემოწმება.

პაციენტმა უნდა მიმართოს ნეფროლოგს თუ აქვს შემდეგი სახის სიმპტომები:

  • სისხლი ან ცილა შარდში;
  • კიდურების შეშუპება;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება;
  • თირკმლის და საშარდე გზების ინფექციები;
  • თირკმლის შეშუპება გლომერულონეფრიტის ან ინტერსტიციული ნეფრიტის გამო;
  • პოლიკისტოზური თირკმლის დაავადება;
  • ჰემოლიზური ურემიული სინდრომი;
  • თირკმლის არტერიის სტენოზი;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • თირკმლის უკმარისობა, მწვავე და ქრონიკული;
  • არტერიული ჰიპერტენზია თირკმლისმიერი;
  • შაქრიანი დიაბეტი თირკმლის დაზიანებით;
  • გულის დაავადება თირკმლის დაზიანებით;
  • თირკმელისმიერი პრობლემების ოჯახური ისტორია.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის მიმართულებას ხელმძღვანელობს თერაპევტი და ნეფროლოგი, ლაშა წურწუმია.