17 July, 2020

ექიმებმა პაციენტს იშვიათი ფორმის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ექიმებმა პაციენტს იშვიათი ფორმის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 69 წლის პაციენტი გულმკერდის არეში ტკივილის, ქოშინის, ხველისა და საერთო სისუსტის ჩივილებით შეიყვანეს. ჩატარებული კვლევებით ეჭვი პლევრის სიმსივნურ წარმონაქმნზე იქნა მიტანილი. ჰიდროთორაქსის (პლევრის ღრუში სითხის დაგროვება) ფონზე პლევრის ღრუს პუნქცია ჩატარდა, პუნქტატში კი ატიპიური უჯრედები გამოვლინდა.

დიაგნოზის ვერიფიცირებისა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით დაიგეგმა თორაკოსკოპია, პლევრის ღრუს რევიზია და ბიოფსია. აღნიშნული პროცედურა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პირველად ჩატარდა. ბიოფსიის შედეგად პლევრის მეზოთელიომის დიაგნოზი დაისვა, რომელიც იშვიათი ფორმის სიმსივნეს წარმოადგენს.

კავკასიის მედიცინის ცენტრიდან მოწვეულმა თორაკალურმა ქირურგებმა, გიგა ფარფალიამ და ირაკლი კობიძემ, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კონსულტაციებსა და ოპერაციებს პერიოდულად ატარებენ, პაციენტისთვის სიმსივნის ამოკვეთა ამჯერადაც მოახერხეს. ანესთეზიოლოგიურ მიმართულებას კი ცისანა გაბუნია ხელმძღვანელობდა.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პაცეინტი ამჟამად ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს და მისი მკურნალობის ტაქტიკა დაგეგმილია.