
სვეტლანა რეზვანი 61 წლის ქალია უკრაინიდან, რომელიც სამშობლოდან ომს სიცოცხლის სურვილით გამოექცა. ამ სიტყვების დატვირთვა ორმაგია და მისი ისტორია - გამაოგნებელი.
ომამდე ხარკოვში ცხოვრობდა და როგორც ყველა ადგილობრივი, იძულებული გახდა, დაბომბვების სერიას სარდაფში დამალვოდა. მიწისქვეშ ოჯახმა 2 თვე გაატარა. სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა ქალმა წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში, რომელიც ამ პერიოდში სწრაფი ტემპით იზრდებოდა. სვეტლანა რეზვანმა სარდაფიდანვე მოახერხა, გამოეკვლია საუკეთესო კლინიკები და ექიმები რეგიონში და გადაწყვიტა, გადარჩენისა და მკურნალობისთვის უკრაინიდან პირველი შესაძლებლობისთანავე წასულიყო.
ასე აღმოჩნდა უკრაინელი ქალი ქუთაისში, კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში ონკოქირურგ შოთა მაღლაკელიძესთან.
პაციენტს, უპირველესად, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა, რითაც მარცხენა სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დადასტურდა. კვლევების პასუხებზე დაფუძნებით, განისაზღვრა მკურნალობის სპეციფიკური გეგმა, რომელიც, პირველ ეტაპზე, ნეოადიუვანტურ პროცედურებს გულისხმობდა. ქიმიოთერაპიულ კურსს ონკოლოგი მარიამ კუხალაშვილი უძღვებოდა, რომლის რეკომენდაციის შესაბამისად, მეორე ეტაპზე შოთა მაღლაკელიძემ ოპერაციული ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო. პოსტოპერაციული მკურნალობა სხივური თერაპიით გაგრძელდა.
მკურნალობის პროცესში მულტიპროფილური გუნდი იყო ჩართული, სწორედ მათ მიერ განისაზღვრა მკურნალობის გეგმა და რადიაციული დასხივების დოზა. სვეტლანა რეზვანს სიმსივნური წარმონაქმნები აღარ აღენიშნება. ის პერიოდულ მონიტორინგს გადის და როგორც ყველა ონკოპაციენტი, ეპიზოდური დაკვირვების ქვეშ რჩება.