
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გაიხსნა დიალიზის ცენტრი, რომელიც 13 წლის ზევით ასაკის პაციენტებს თირკმლის ქრონიკული დაავადებებისა და მწვავე უკმარისობის სამკურნალოდ ჩანაცვლებით თერაპიას - ჰემოდიალიზს სთავაზობს, 24/7-ზე რეჟიმში.
ჰემოდიალიზის აპარატის მეშვეობით ხელოვნურად ხორციელდება პაციენტების (რომელთა თირკმლებიც სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ) ორგანიზმიდან ჭარბი სითხისა და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტების გამოყოფა; მჟავა-ტუტოვანი წონასწორობისა და წყალ-მარილოვანი ბალანსის რეგულირება.
დაავადებები, რომლებსაც შეუძლია მიგვიყვანოს თირკმლის ქრონიკულ უკმარისობამდე და რომელთა დროსაც შესაძლებელია, საჭირო გახდეს თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია :
- პიელონეფრიტი;
- გლომერულონეფრიტი;
- პოლიკისტოზი;
- შარდ-კენჭოვანი დაავადება;
- შაქრიანი დიაბეტი;
- მედიკამენტოზური, ქიმიური ინტოქსიკაციითა და ინფექციით გამოწვეული თირკმლის მწვავე უკმარისობა.
დიალიზის ცენტრი აღჭურვილია გერმანული აპარატით, რომლის კონტროლიც ჰოსპიტალში 24 საათის განმავლობაში ხორციელდება მაღალკვალიფიციური ინჟინრის მიერ. ამასთან, მაღალი ხარისხის ფილტრაციის სისტემის გამო, აპარატს მიეწოდება გაფილტრული, ულტრა სუფთა წყალი.
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის დიალიზის ცენტრის განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, ცენტრის ხელმძღვანელი კი ნეფროლოგი, დოდო ხაბაძეა.