21 October, 2021

ახალგაზრდა მამაკაცი და მისი დონორი მეუღლე ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომ თავს კარგად გრძნობენ

ახალგაზრდა მამაკაცი და მისი დონორი მეუღლე ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომ თავს კარგად გრძნობენ
მერაბი ქედაში, სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჰაერის უკმარისობით გამოწვეული დისკომფორტი და ფეხების შესიება ისეთი დაავადების ნიშანი იქნებოდა, რომლის სამკურნალო ერთადერთ და უალტერნატივო საშუალებად ორგანოს გადანერგვა აღმოჩნდებოდა.

მერაბს 2021 წლის იანვარში ღვიძლის ტერმინალური დაავადება დაუდგინდა. ქედის კლინიკიდან ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში რეანომობილით რეფერირებულ პაციენტს დიაგნოზი მაშინათვე დაუსვეს და სამკურნალო გზების ძიებაც დაიწყეს. როგორც ჰეპატოლოგი, სოფიო ბერიძე იხსენებს, ტრანსპლანტაცია ერთადერთი გამოსავალი იყო. ღვიძლის გადანერგვის სურვილი პაციენტის მეუღლემ გამოთქვა და, საბედნიეროდ, მისი ორგანო დონორად ვარგისი აღმოჩნდა.

„თავისთავად, ორივენი ძალიან შეშინებულები ვიყავით. ორივე ჩვენგანი სიცოცხლეს თანაბრად ვრისკავდით, თუმცა ექიმების რწმენა გვქონდა. სწორედ მათდამი ნდობა იყო ის მიზეზი, რის გამოც ტრანსპლანტაციაზე არც კი გვიყოყმანია. დღეს ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს, თითქოს წარსული თვეები ჩვენს ცხოვრებაში არც არასდროს ყოფილა,“ - იხსენებს პაციენტი.

ოპერაცია, რომელიც 14 საათი გრძელდებოდა, ტრანსპლანტოლოგმა, კახაბერ ქაშიბაძემ წარმატებით განახორციელა. რეაბილიტაციის პროცესში კი ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ტრანსპლანტოლოგიური სამსახურის გუნდი იყო ჩართული.