30 September, 2021

67 წლის კოვიდ-ინფიცირებულ მამაკაცს წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

67 წლის კოვიდ-ინფიცირებულ მამაკაცს წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
კოვიდ-კლინიკის სტატუსის მქონე ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 67 წლის მამაკაცი ვირუსის მძიმე ფორმებისგან ხანგრძლივი და რთული მკურნალობის შემდეგ სრულად განიკურნა. ჰოსპიტალში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზესტაფონიდან შეიყვანა. მამაკაცს მუცლის არეში ძლიერი ტკივილი, ხველა, გულისრევა, საერთო სისუსტე და ჰაერის უკმარისობა აღენიშნებოდა. ჩივილებს შორის იყო მიალგია და ართრალგიაც.

კოვიდ 19 პაციენტს ზესტაფონში დაუდასტურდა. ის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მდგომარეობის გართულების შედეგად გადაიყვანეს. პაციენტს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ქოშინი და ცხელება აღენიშნებოდა. ვირუსმა ორმხმრივი პნევმონიაც გამოიწვია. ულტრაბგერითი და რენტგენოგრაფიული კვლევებით კი მუცლის ღრუში დიდი რაოდენობით თავისუფალი სითხის, ხოლო მარჯვენა ფერდქვეშა არეში თავისუფალი აირების არსებობა გამოვლინდა. ექიმებმა კუჭის წყლულის პერფორაციის დიაგნოზი დასვეს.

მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის ექიმებმა სასწრაფო ოპერაციული ჩარევის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფიცირებულ პაციენტს პროტოკოლის სრული დაცვით ჩაუტარდა ზემო-შუა ლაპარატომია, ულცერორაფია, მუცლის ღრუს სანაცია - დრენირება, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში.

პირველ ეტაპზე, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და შესაბამისი მკურნალობის დასრულების შემდგომ ბინაზე გაეწერა.