05 December, 2022

62 წლის ქალი კუჭის სიმსივნის დიაგნოზისგან გათავისუფლდა

62 წლის ქალი კუჭის სიმსივნის დიაგნოზისგან გათავისუფლდა

დარეჯან პერტაია ქუთაისში, კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში სენაკიდან მოხვდა. 62 წლის ქალს ყლაპვის გაძნელება, წონის მკვეთრი კლება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდა.

თავად პაციენტი ჰყვება, რომ დიაგნოზის ძალიან ეშინოდა. ხვდებოდა, რომ სერიოზულ დაავადებასთან ჰქონდა საქმე. ჩატარებულმა კვლევებმა კუჭის მიდამოზე სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა მართლაც დაადასტურა, რაც შესაბამის მკურნალობას საჭიროებდა.

დარეჯან პერტაიას მკურნალობის გეგმის შესამუშავებლად მულტიდისციპლინური გუნდი (რადიოლოგები, ონკოქირურგები, ონკოლოგები) შეიკრიბა. მათი გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე, დაინიშნა ქიმიოთერაპიის კურსი, შემდეგ კი ქირურგიული ოპერაცია დაიგეგმა.

ქიმიოთერაპიის კურსს კრისტინა კილის ონკოლოგიის ცენტრში მარიამ კუხალაშვილი ხელმძღვანელობდა. შედეგად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა: შეძლო საკვების დამოუკიდებლად მიღება და ორგანიზმის გაძლიერება.

მკურნალობის მეორე ეტაპზე ოპერაცია ონკოქირურგებმა - პაატა მეშველიანმა და ომარ ღიბრაძემ ჩაატარეს. ქირურგიული ჩარევისას ამოიჭრა სიმსივნური ადგილი და დაიგეგმა მკურნალობის გაგრძელება კვლავ ქიმიოთერაპიის კურსით.

დარეჯან პერტაია გვიყვება იმასაც, რომ დიაგნოზის გაანალიზება, მიღება და მისი მკურნალობისთვის საკმარისი მოტივაციის ქონა გაუჭირდა, თუმცა სურდა, ოჯახის წევრებისა და მკურნალი ექიმებისთვის იმედი არ გაეცრუებინა. ასეც მოიქცა - ამჟამად 62 წლის ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის პერიოდულ გამოკვლევებს იტარებს და ცხოვრებას გაუმჯობესებული ხარისხით განაგრძობს.