10 May, 2022

24 საათიანი გამართული რადიოლოგიური მომსახურება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

24 საათიანი გამართული რადიოლოგიური მომსახურება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს მძლავრი და მრავალფეროვანი რადიოლოგიური მომსახურება, რომელიც მოიცავს: რენტგენოლოგიურ, ულტრასონოგრაფიულ, კომპიუტერულ ტომოგრაფიულსა და მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევებს.

 ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ვიწროდ სპეციალიზირებულია. ჰოსპიტალში ხორციელდება:

  • ბავშვთა ზოგადი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა (ექოკარდიოგრაფია, ნეიროსონოგრაფია-თავის ტვინის ულტრასონოგრაფიული კვლევა, დოპლეროგრაფია);
  • მოზრდილთა ზოგადი ულტრასონოგრაფია;
  • გინეკოლოგიური ტრანსაბდომინალური და  ტრანსვაგინალური კვლევები;
  • ექოკარდიოგრაფია, დოპლეროგრაფია;
  • სახსრების ექოსკოპია.

ულტრაბგერითი კვლევა მრავალი დაავადების გამოვლენის მიზნით გამოიყენება, ხოლო ორსულებში კი, ფაქტობრივად, ოქროს სტანდარტის კვლევას წარმოადგენს. გარდა ამისა, თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატები სისხლის ნაკადის შესწავლაში იყენებენ დოპლერის მეთოდს (იგულისხმება ტალღის სიგრძის ცვალებადობა) და უზრუნველყოფენ სისხლის მოძრაობის სიჩქარის დადგენას. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს ულტრაბგერითი კვლევების სრულ პაკეტს სთავაზობს, რომელიც მოიცავს:

  • მუცლის ღრუს ორგანოების, ჰეპატოპანკრეატობილიარული( ღვიძლი, კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაღვლის ბუშტი) სისტემის ულტრაბგერით კვლევას, პათოლოგიური წარმონაქმნების ვასკულარიზაციის (სისხლმომარაგების) შეფასებით;
  • თირკმლების, თირკმელზედა ჯირკვლების, მენჯის ორგანოებისა და შარდის ბუშტის კვლევებს;
  • გულმკერდის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, პერიფერიული ლიმფური კვანძების, სარძევე ჯირკვლისა და რბილი ქსოვილების ულტრაბგერით კვლევებს;
  • გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების დუპლექს სკანირებას;

რენტგენის კაბინეტში ხორციელდება როგორც რუტინული - გულმკერდის, მუცლის ღრუს, ძვლოვანი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევები, ასევე ისეთი რთული კვლევები, როგორიცაა: ფისტულოგრაფია (პათ. პროცესით ან ხელოვნურად წარმოქმნილი ვიწრო მილის რენტგენოლოგიური გამოკვლევა მისი კონტრასტით დამუშავების შემდეგ) და რეტროგრადული ქოლეცისტოპანკრეატოგრაფია (ნაღვლის სადინრის ვიზუალიზაციის ერთ-ერთი ინფორმაციული მეთოდი).

კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიებით და სტანდარტულ აპარატებთან შედარებით გამოირჩევა დასხივების დაახლოებით 2-ჯერ დაბალი ხარისხითა და გამოსახულების დაახლ. 47%-ით მაღალი გარჩევადობით. კიდევ ერთი უპირატესობა სკანირების სისწრაფეა, რაც განაპირობებს ანგიოგრაფიული( სისხლძარღვის ვიზუალიზაცია) კვლევის ხარისხს. კლინიკაში ტარდება  როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა თავის ტვინის, კისრის, ექსტრაკრანიალური და ინტრაკრანიალური სისხლძარღვების, გულმკერდისა და მუცლის ღრუს, კიდურებისა და ძვალ-კუნთოვანი აპარატის ინვაზიური CT კვლევების სრული სპექტრი. გადაუდებელი პაციენტების შემთხვევაში CT-ს პასუხები დაუყოვნებლივ იგზავნება რადიოლოგის მიერ.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ემსახურება როგორც პედიატრიულ, ასევე ზრდასრულ პაციენტებს.  ჰოსპიტალში ხორციელდება: თავის ტვინის, ხერხემლის, მუცლისა და მცირე მენჯის ორგანოებისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის MRI კვლევები, საჭიროების შემთხვევაში ინვაზიური კონტრასტირებით. პედიატრიული ჯგუფის პაციენტებისთვის გათვალისწინებულია ანესთეზიოლოგიური მომსახურება.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის რადიოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით და უზრუნველყოფს სწრაფ მომსახურებას, კვლევის შედეგების დროულ მიწოდებასა და გამართულ 24 საათიან სერვისს.