27 May, 2022

10-ჯერ შეწყვეტილი პულსი და გული, რომლის ამუშავებაც ექიმებმა ათივეჯერ შეძლეს

10-ჯერ შეწყვეტილი პულსი და გული, რომლის ამუშავებაც ექიმებმა ათივეჯერ შეძლეს

ზაზა ნებულიშვილი 55 წლის მამაკაცია, რომლის სიცოცხლის სასწაულებრივად გადარჩენაც ერთ-ერთი განსაკუთრებული შემთხვევაა ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმებისთვის. შუა ხნის პაციენტი სამედიცინო დაწესებულების სტაციონარულ განყოფილებაში მწვავე კორონარული სინდრომის დიაგნოზით მოთავსდა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ ფასდებოდა. პაციენტს მიოკარდიუმის ქვემო კედლის ტრანსმურული ინფარქტი აღენიშნებოდა.

კორონაროანგიოგრაფიამ სამსისხლძარღვოვანი დაზიანების ზუსტი ანატომია გამოავლინა, რის ფონზეც ექიმებმა გადაუდებელი ოპერაციული ჩარევის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა პაციენტმა გონება საოპერაციო ბლოკში შეყვანამდე დაკარგა. დაფიქსირდა პარკუჭთა ფიბრილაცია, მაგისტრალურ არტერიებზე პულსი არ ისინჯებოდა, ამიტომ კარდიოქირურგების გუნდმა გიორგი კალანდაძის ხელმძღვანელობით სასწრაფოდ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, მოხდა წარმატებული დე-ფიბრილაცია ელექტრო შოკით. მდგომარეობას ართულებდა ის, რომ ოპერაციამდე პაციენტს აღენიშნა პარკუჭთა ფიბრილაციის 10 ეპიზოდი, რაც გულის ათჯერ გაჩერებას გულისხმობს. საბოლოოდ, სასიცოცხლო ჩვენებით პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაცია.

 „ოპერაციის აუცილებლობა რომ დადგა, მას შემდეგ არაფერი მახსოვს. უბრალოდ ექიმებს ვენდე. მჯეროდა, გადამარჩენდნენ და, საბოლოოდ, ეს ასეც მოხდა. ალბათ, ბეწვის ხიდზე გავიარე და ჩემი გულის ათჯერ ამუშავებაც ექიმების გუნდის დამსახურებაა, ჩვენი საერთო გამარჯვება,“- ყვება ზაზა ნებულიშვილი, რომელიც ცხოვრების ჩვეულ რითმს უკვე დაუბრუნდა და თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს.